იაგო ხვიჩია: უკრაინის ელჩის გაწვევის გარჩევა რომ დავიწყეთ, ეს „ქართული ოცნების“ შეცდომაა

“როცა ზელენსკიმ ელჩი დროებით გაიხმო, გარჩევა დავიწყეთ – რამდენად სწორად გაითხოვა, ნაცვლად იმისა, შენიშვნები გაგვეზიარებინა, რომელიც ბრძოლაში მყოფი პრეზიდენტის მიერ იყო ნათქვამი, ეს იყო „ქართული ოცნების“ შეცდომა”, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას აზრით, ზელენსკიმ უკრაინის სახელმწიფო პოზიცია ჩამოაყალიბა.

„ჩემი აზრით, გუშინ პრეზიდენტმა ზელენსკიმ ჩამოაყალიბა უკრაინის სახელმწიფოს პოზიცია, რომ ქვეყნები, რომლებიც არაფერში ეხმარებიან, სანქციებსაც კი არ უჭერენ მხარს და არც სხვა პროცესებში შედიან, მისთვის არ წარმოადგენენ საინტერესო მეგობრებს იქიდან გამომდინარე, რომ ამაზე მეტი უკრაინას რა უნდა გაუჭირდეს, მისი არსებობის ეგზისტენციალური საკითხი დგება და ამ დროს, როცა გულგრილი ხარ და არცერთ მითითებას არ ითვალისწინებ, რაც ახლა სამყაროში არსებობს რუსეთთან ბრძოლის ფარგლებში, ასეთ ქვეყანაში ელჩებმა სხვა სამსახური უნდა იპოვონ, თორემ ბატონ ელჩს რა უნდა ექნა, რომ „ქართული ოცნება“ სხვანაირად მოქცეულიყო? მე მაინც მგონია, რომ საქართველო ამას შეიძლება, მაინც არ იმსახურებდეს, მაგრამ ამის გარჩევა რომ დავიწყეთ, როცა ელჩი ზელენსკიმ დროებით გაიხმო, რამდენად სწორად გაითხოვა ზელენსკიმ ელჩი, ნაცვლად იმისა, შენიშვნები გაგვეზიარებინა, რომელიც ბრძოლაში მყოფი პრეზიდენტის მიერ იყო ნათქვამი, ეს იყო „ქართული ოცნების“ შეცდომა. ჩვენც მსგავს სიტუაციაში ვართ და ჩვენთან ასეთი ტონით ლაპარაკის მორალური უფლება აქვს, რადგან ჩვენც მისი დახმარება გვჭირდება და დიდი ხანია ერთად მივდივართ ამ გზაზე. რეზოლუციებს რომ მხარი დაუჭირა ჩვენმა წარმომადგენლობამ, ეს დასაფასებელია და მე ამას ყოველთვის აღვნიშნავ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისათვის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩის გაწვევას ხელი მოაწერა.

 

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები