ნიკოლოზ სამხარაძემ ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის და კრიზისების მართვის მიმართულების მმართველ დირექტორს, პაველ ჰერჟინსკის და ევროკავშირის სამხედრო პერსონალის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს, ვიცეადმირალ ერვე ბლეჟანს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, რუსეთის მხრიდან უკრაინაში მიმდინარე ომსა და საქართველოსთვის ამ ომის შესაძლო შედეგებზე ისაუბრეს. განიხილეს ქვეყნის წინაშე არსებული უსაფრთხოების ისეთი გამოწვევები, როგორიცაა დეზინფორმაცია და სიძულვილის ენის გამოყენება მედიაში. ასევე, თუ როგორ შეიძლება, დაეხმაროს ევროკავშირი საქართველოს ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის განაცხადსა და შემდგომ პროცედურებზე. ევროკავშირის წარმომადგენლებმა ევროკავშირის მიერ დაარსებული ევროპის მშვიდობის ინსტრუმენტზე ისაუბრეს, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების მხარდაჭერას გულისხმობს. მათი განცხადებით, აღნიშნული დახმარება 2021 წელს დაიწყო და მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
„ევროკავშირის წარმომადგენლებმა მადლობა გადაგვიხადეს ევროპის თავდაცვის და უსაფრთხოების პოლიტიკის ეგიდით წარმოებულ მისიებში საქართველოს აქტიური მონაწილეობისთვის. განსაკუთრებით ხაზი გაუსვეს ჩვენს ნაყოფიერ მონაწილეობას ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში და მალიში”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი.