ანრი ოხანაშვილი: პრეზიდენტის ინსტიტუტი ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება

“პრეზიდენტის ინსტიტუტი, როგორც კონსტიტუციური ორგანო, ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს – სიმართლე არის ფაქტებში”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილი საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტების გასაჯაროებას არ გამორიცხავს.

“პრეზიდენტის ინსტიტუტი, როგორც კონსტიტუციური ორგანო, ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს. გაუგებარია, რას უნდა ემსახურებოდეს ეს. სიმართლე არის ფაქტებში, ეს ფაქტები მდგომარეობს კონკრეტულ ტექსტში და ეს ტექსტი და კონკრეტული ინფორმაცია არის მიწერილი და მიწოდებული შესაბამისი ინსტიტუტისთვის. თუ იქამდეც უნდა მივიდეთ, რომ ეს მიწერ-მოწერაც გასაჯაროვდეს, რაც არის ფაქტები და რაზეც მთავრობის ადმინისტრაციის ოფიციალური განცხადებით ნათელია, შესაძლებელია, ასეც მოხდეს”, – აცხადებს ოხანაშვილი.

ცნობისათვის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2021 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 21 მარტის ჩათვლით, ელჩის და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნად მთავრობამ პრეზიდენტს წარუდგინა 12 კანდიდატურა და თორმეტივეს დანიშვნის თაობაზე პრეზიდენტის მიერ გამოცემულია შესაბამისი განკარგულება.

აღნიშნულ განცხადებას საქართველოს მთავრობა გამოეხმაურა. მათი ინფორმაციით, გავრცელებული ინფორმაცია არ ასახავს რეალურ სურათს. “გვსურს, კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ პრეზიდენტის მხრიდან ბოლო პერიოდში, არაერთხელ იქნა უარყოფილი ან რეაგირების გარეშე დატოვებული საქართველოს მთავრობის მიერ დასანიშნად წარდგენილი ელჩების/მისიის ხელმძღვანელების კანდიდატების საკითხი”,- აღნიშნულია მთავრობის განცხადებაში.

 

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები