ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის 5 წლის იუბილის აღსანიშნავად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომათა დარბაზი საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით იყო გაფორმებული

უვიზო მიმოსვლის ამოქმედებიდან დღეს 5 წელი შესრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, მთავრობის სხდომათა დარბაზი საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით გააფორმეს.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელი სხდომა სწორედ უვიზო მიმოსვლის 5 წლის იუბილესთან დაკავშირებით საუბრით გახსნა.

„დღეს არის 5 წლისთავი მას შემდეგ, რაც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი ამოქმედდა. ყველას ვულოცავ ამ მნიშვნელოვან თარიღს. მოგეხსენებათ, ჩვენ ამისთვის ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, მთელმა მთავრობამ და მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, ვისაც წვლილი აქვს შეტანილი ამ შედეგის მიღწევაში. აქვე, მოსახლეობას მინდა შევახსენო, რომ ეს პროცესი ჩვენ 2013 წელს დავიწყეთ, მაშინ, როცა გადმოგვეცა უვიზო რეჟიმის სამოქმედო გეგმა. მაშინ ძალიან ინტენსიური მუშაობა გასწია მთავრობამ, რაც 2015 წლის დეკემბერში დავასრულეთ. ევროკავშირმა დამაკმაყოფილებლად ჩათვალა აღნიშნული სამუშაოები და სწორედ ამის შემდეგ, ძალიან მალე, დაახლოებით ერთ წელიწადში სავიზო რეჟიმი მოიხსნა და ჩვენი მოქალაქეები უვიზო რეჟიმით სარგებლობენ ევროკავშირის ქვეყნებში. მინდა, მოსახლეობას ასევე შევახსენო, რომ საქართველოს ნახევარ მილიონზე მეტმა მოქალაქემ თითქმის მილიონ-ნახევარზე მეტი ვიზიტი განახორციელა ამ 5 წლის განმავლობაში ევროკავშირის ქვეყნებში, რაც, რა თქმა უნდა, არის კონკრეტული ხელშესახები შედეგი, რაც მივიღეთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდეგ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები