ლოს-ანჯელესში, დოლბის თეატრში ამერიკული კინოაკადიის დაჯილდოების 94-ე ცერემონია გაიმართა.
ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინა და იქ მიმდინარე მოვლენები იყო. სტუმრების დიდმა ნაწილმა თავისი სამოსი უკრაინის დროშის ფერებში შესრულებული სამკერდე ნიშნებით და უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად ლურჯი ლენტით #saverafugees შეავსო.
“ოსკარის” სცენიდან უკრაინული წარმოშობის ამერიკელმა მსახიობმა, მილა კუნისმა იმ ტრაგედიაზე ისაუბრა, რომელიც ამჟამად უკრაინაში ხდება. კუნისი ომის პირველივე დღეებიდან ქმართან, მსახიობ ეშტონ კატჩერთან ერთად უკრაინის დასახმარებლად თანხებს აგროვებს.
მილა კუნისი რები მაკინტაირის სიმღერის – Somehow You Do-ს გამოსაცხადებლად გავიდა სცენაზე და აუდიტორიას შეახსენა ის “ბნელი დრო, რომელშიც სამყარო აღმოჩნდა”.
რები მაკინტაირის გამოსვლის შემდეგ, ცერემონიის ორგანიზატორებმა ეკრანზე გამოაქვეყნეს თხოვნა, სტუმრებს მონაწილეობა მიეღოთ წუთიერი დუმილის აქციაში და უკრაინელების, ასევე უკრაინული არმიის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.
“წუთიერი დუმილით გვინდა, მხარდაჭერა გამოვუცხადოთ უკრაინელ ხალხს, რომელიც საკუთარ საზღვრებში შეჭრას და უსამართლობას განიცდის. მიუხედავად იმისა, რომ კინო ჩვენთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, კონფლიქტის დროს ჰუმანურობა გამოვხატოთ, რეალობა არის ის, რომ უკრაინაში მილიონობით ოჯახს სჭირდება საკვები, სამედიცინო დახმარება, სუფთა წყალი და საგანგებო დახმარება. რესურსები მწირია და ერთად, როგორც გლობალურ საზოგადოებას, მეტის გაკეთება შეგვიძლია. ჩვენ გთხოვთ, დაეხმაროთ უკრაინას ნებისმიერი გზით. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას”, – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.