დუშეთი მსოფლიო საერთაშორისო ეკოლოგიურ აქციას – “დედამიწის საათს” შეუერთდა
26 მარტს, ტრადიციულად, ქალაქი დუშეთი შეუერთდა მსოფლიო საერთაშორისო ეკოლოგიურ აქციას – “დედამიწის საათი”, რომელიც 20:30 საათიდან 21:30 საათამდე ელექტროენერგიის მოხმარების
შეწყვეტას გულისხმობს.
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სიმბოლური ღონისძიება I საჯარო სკოლის მოსწავლეების ინიციატივით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით ჩატარდა.
ეკოლოგიური აქციის ფარგლებში, ერთი საათით, ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა ცენტრის
მიმდებარე ტერიტორიისა და ადმინისტრაციული შენობებისათვის. მოედანზე შეკრებილებმა კი, “დედამიწის საათის” აღსანიშნად სანთლები აანთეს და ფრანები გაუშვეს.
ღონისძიებაში, სკოლის მოსწავლეებსა და ადგილობრივ საზოგადოებასთან ერთად, მონაწილეობდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი – მაცაცო ნარიმანიძე, მერის პირველი მოადგილე – ვასილ წიკლაური, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – გვანცა ესტატიშვილი, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე – გიორგი ასლამაზიშვილი და საზოგადოება “წითელი ჯვრის” მოხალისეები.
,,დედამიწის საათს” მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ყოველწლიურად, მარტის ბოლო შაბათს აღნიშნავენ. პროექტი ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF)
ინიციატივით დაიწყო და მისი მიზანია ბუნებრივი რესურსების გაფრთხილების მიმართ ცნობადობის ამაღლება, ეკოლოგიისა და ბუნების დაცვის პოპულარიზაცია. მასშტაბური ღონისძიებების ფარგლებში, რომელიც მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს, მილიონობით ადამიანი ერთი საათით უარს ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე, რითაც ჩვენი პლანეტის მიმართ ზრუნვას გამოხატავს.