თამარ მახარაშვილმა და ანდრი კასიანოვმა 98-ე საჯარო სკოლაში ჩარიცხული უკრაინელი მოსწავლეები მოინახულეს
უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული მოსწავლეები, რომლებიც 98-ე საჯარო სკოლაში, გამარტივებული წესით ჩაირიცხნენ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ მახარაშვილმა და უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა მოინახულა
უწყების ინფორმაციით, ამ დროისათვის თბილისსა და რეგიონების სკოლებში უკვე ჩარიცხულია 190 მოსწავლე.
მინისტრის პირველის მოადგილის თამარ მახარაშვილის თქმით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო და კერძო სკოლებში ინტენსიურ რეჟიმში უზრუნველყოფს უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული სასკოლო ასაკის ბავშვების გამარტივებული წესით ჩარიცხვას.
,,სკოლებში გამარტივებული წესით ჩარიცხვის პარალელურად, როგორც ცნობილია უკრაინიდან ჩამოსულ ბავშვებს მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგები ფსიქოსოციალური მხარდაჭერას უწევენ. ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისთანავე, მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრს დღის განმავლობაში ათობით დაინტერესებულმა პირმა უკვე მიმართა.
ყველა შესაბამისი რგოლის ჩართულობითა და კოორდინაციით, სამინისტროს მხრიდან უზრუნველყოფილია თითოეული ბავშვისთვის სწავლაზე ხელმისაწვდომობა. მოსწავლეთა ჩარიცხვა შესაძლებელია იმ კლასში, რომელშიც უკრაინის სკოლებში ისინი 2022 წლის 24 თებერვლის მდგომარეობით სწავლობდნენ. ბავშვებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ სკოლაში სასურველ ენაზე მიიღონ.“ – თქვა თამარ მახარაშვილმა
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სკოლის მოსწავლეები, რომლებიც უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებენ უკრაინის სკოლებში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და გამოხატავენ სურვილს, რომ სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ჩაირიცხებიან