საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს სამი ახალი პროკურორი წევრი აირჩიეს
საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს ახალი პროკურორი წევრები აირჩიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, საპროკურორო საბჭოს წევრების არჩევა საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი 9 კანდიდატიდან, პროკურორების და პროკურატურის გამომძიებლების მიერ ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით მოხდა. საპროკურორო საბჭოს წევრები გახდნენ – ალექსანდრე მუყასაშვილი, ეკატერინე ხარებავა და შოთა ტყეშელაშვილი. საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, პროკურორთა კონფერენციის თავმჯდომარემ ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს არჩეული წევრები წარადგინა და შემდგომ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
ირაკლი შოთაძის განცხადებით, საპროკურორო საბჭოს წევრობა დიდ პატივთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაცაა. ,,პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საპროკურორო საბჭოს შემადგენლობაში არჩეულ 15 წევრს შორის 8 პროკურორია, რომელთაც ფარული კენჭისყრით ირჩევს საქართველოს პროკურორთა კონფერენცია.
საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა 4 წელია, რომლის ამოწურვისთანავე საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება. საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება ასევე, თუ ის დაიკავებს საპროკურორო საბჭოს წევრობასთან შეუთავსებელ თანამდებობას. საპროკურორო საბჭო პროკურატურის დამოუკიდებლობას და გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. ღონისძიებას, საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, გენერალური პროკურორის მოადგილეები, საპროკურორო საბჭოს წევრები, აშშ-ის იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის რეზიდენტი მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში ლენა ოუვენსი, საქართველოს პროკურატურის, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.