ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქართველი ერის ისტორიის მანძილზე, თაობიდან თაობას გადასცემდა იმ ძირითად ფასეულობებს, რომელიც დაკავშირებული იყო სახელმწიფოებრიობასთან, ქართულ კულტურასთან და რწმენასთან

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლი ყოველთვის იყო და იქნება გადამწყვეტი მნიშვნელობის ჩვენი ერის განვითარებისთვის; პირდაპირ უნდა ითქვას, რომ მართლმადიდებლობა თითოეული ქართველისთვის უკავშირდება სწორედ ქართულ იდენტობას, ჩვენს კულტურას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სიონის საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც, პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებულ პარაკლისს დაესწრო.

სიონის საკათედრო ტაძარში პარაკლისი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. პარაკლისის დასრულების შემდეგ მთავრობის მეთაურმა საზოგადოებას ამბიონიდან მიმართა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე მიულოცა.

„ჩემთვის დიდი პატივია, მოგილოცოთ ყველას დღევანდელი დღე. დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს და მეც ვუერთდები ამ მოლოცვას. ჩვენ კარგად ვიცით, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის, ჩვენი ისტორიის, ქართველი ერის ისტორიის მანძილზე, თაობიდან თაობას გადასცემდა იმ ძირითად ფასეულობებს, რომელიც დაკავშირებული იყო ჩვენს სახელმწიფოებრიობასთან, ქართულ კულტურასთან, რწმენასთან და ეს იყო და არის ყოველთვის ის რასაც ეფუძნებოდა, ყოველთვის ეფუძნება ქართველობა, ქართული იდენტობა. გადაჭარბების გარეშე უნდა ითქვას, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლი ყოველთვის იყო და იქნება გადამწყვეტი მნიშვნელობის ჩვენი ერის განვითარებისთვის.

პირდაპირ უნდა ითქვას, რომ მართლმადიდებლობა თითოეული ქართველისთვის უკავშირდება სწორედ ქართულ იდენტობას, ჩვენს კულტურას. მეუფე შიომ გაიხსენა ჩვენი ღირსეული წინაპრების საოცარი სიტყვები. იმის მიუხედავად, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ყოველთვის იყო დიდი მსოფლიო მართლმადიდებლური სამყაროს ნაწილი, ჩვენი ქვეყნის ღირსეული შვილები იმ დროს და ყოველთვის, ყველა ეპოქაში, მიისწრაფოდნენ ავტოკეფალიისკენ და, როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, სწორედ დიდმა საერო მამებმა, ილია ჭავჭავაძემ, ექვთიმემ, დიმიტრი ყიფიანმა და სხვებმა, ჩვენს სასულიერო, გამორჩეულ პირებთან ერთად, შემდგომში პატრიარქებთან ერთად, კირიონ მეორე, კალისტრატე, ამბროსი ხელაია, მათი დაჟინებული ძალისხმევით სწორედ, 1917 წლის 25 მარტს ახდა იმ დროს ჩვენი, ქართველების ოცნება და გამოცხადდა ავტოკეფალია. მაგრამ, როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, 1990 წლამდე ვერ ჰპოვა ჩვენმა ეკლესიამ ფართო აღიარება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. რა თქმა უნდა, ჩვენი ბრძენი პატრიარქის, ილია მეორის დამსახურებაა ის, რომ ჩვენმა ეკლესიამ მოიპოვა ფართო აღიარება და ეს სწორედ მისი ავტორიტეტის დამსახურებაა. კიდევ ერთხელ ვუერთდები ამ მილოცვას. დაე, დღევანდელი დღე ყოფილიყოს ჩვენი ერის გაერთიანების სიმბოლო და შესაბამისად, მთელს ერს და ბერს მოკრძალებით გილოცავთ დღევანდელ დღეს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სიონის საკათედრო ტაძარში პარაკლისს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები