გიორგი ცუცქირიძე საფრანგეთის ელჩის დიეგო კოლასის განცხადებაზე – მიუღებელი და არა დიპლომატიურია

ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში საქართველოში საფრანგეთის ელჩის დიეგო კოლასის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ იმედია საქართველო  ტაჯიკეთის მსგავსად შავი ხვრელი არ გახდება ბიზნესის საწარმოებლად.

მისი თქმით, კოლასის დღევანდელი განცხადება მიუღებელი და არადიპლომატიური იყო, რადგან ჩვენ ტაჯიკეთთან ამ თვალსაზრისით საერთო არ გვაქვს.

“დიეგო კოლასის დღევანდელი განცხადებაზე, რომ „დიდი იმედი და მოლოდინი გვაქვს, რომ ასეთ კომპლექსურ გარემოში, საქართველო ყურადღებით დააკვირდება, არ გახდეს შავი ხვრელი ბიზნესის საწარმოებლად, როგორიც არის მაგალითად, ტაჯიკეთი”, არის მიუღებელიც და არადიპლომატიურიც ამავდროულად, რადგან არაფერი საერთო ჩვენ ტაჯიკეთთან ამ თვალსაზრისით არა გვაქვს და არც დასამუნათებელი გვჭირს ვინმესგან რამე.

ფაქტობრივად სანქციების დაწესებისთანავე, რუსული ვითი ბი ბანკის შვილობილი ბანკის „ვითიბი ჯორჯიას“ ოპერატიული დახურვა მოხდა და ყველა იურიდიული, კერძო პირი ორ წამყვან ბანკში გადანაწილდა. ჩემი უმწვავესი კრიტიკა რუსეთის ქმედებებზე სულაც არ ნიშნავს, დასავლეთის ცალკეულ ქმედებებზე თვალის დახუჭვას. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მულტინაციონალური კომპანიების დიდმა ნაწილმა სხვადასხვა სექტორში გამოაცხადა თავისი საქმიანობის შეჩერებაზე რუსეთში რუსეთისათვის დაწესებული სანქციების გამო, ფრანგული კომპანიების დიდი ნაწილი კვლავ არ გასულა რუსული ბაზრიდან. ხოლო თავად ემანუელ მაკრონმა მსხვილ ბიზნესთან შეხვედრისას მათ ურჩია ნუ იჩქარებენ რუსეთის დატოვებას.

ევროკავშირისა და აშშ-ს გარდა, სანქციებს ახორციელებს რამდენიმე სხვა ქვეყანაც, მათ შორის იაპონია, დიდი ბრიტანეთი და შვეიცარია, ხოლო ეს სანქციები მოიცავს ევროკავშირიდან საქონლისა და ტექნოლოგიების იმპორტის აკრძალვას, მათ შორის თავდაცვის, ენერგეტიკის, აერონავტიკისა და ფინანსური სექტორებში, ასევე შეზღუდვებს აშშ-დან ელექტრონიკასა და ტელეკომუნიკაციების იმპორტში.
მიუხედავად იმისა, რომ რუბლმა დაკარგა ღირებულების მესამედი, სხვადასხვა სექტორი დაზარალდა რუსეთში ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვების გამო, დაახლოებით 1200 ფრანგული კომპანია კვლავ აგრძელებს საქმიანობს რუსეთში, ფრანგულ-რუსული სავაჭრო-სამრეწველო პალატის მონაცემებით, ფრანგულ კომპანიებს რუსეთში 160 000 თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.

ამასთან, ის ფრანგული კომპანიები, რომლებმაც შეაჩერეს თავიანთი საქმიანობა რუსეთში უკრაინასთან ომის შემდეგ, მხოლოდ მცირე ნაწილია რუსეთში დარჩენილი კომპანიებთან შედარებით. მათ შორის არის ფრანგი გემთმფლობელი CMA-CGM, რომელმაც გადაწყვიტა აღარ მოემსახუროს რუსეთის პორტებს, ისიც „უსაფრთხოების მიზნით“ და არა მოსკოვზე რაიმე ზეწოლის განხორციელების მიზნით, ასევე Air France, რომელმაც განაცხადა, რომ რეგიონში არსებული ვითარების გამო, აღარ განახორციელებს რეისებს მოსკოვთან და სანკტ-პეტერბურგთან. Pernod Ricard-მა, ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა კომპანიამ, ასევე გამოაცხადა ამ კვირაში, რომ შეაჩერა თავისი საქმიანობა რუსეთში, ქვეყანაში, რომელიც წარმოადგენს მისი მთლიანი საქმიანობის 2-დან 3%-ს.

მართალია, ფრანგული ავტოგიგანტის Renault-ის შვილობილი კომპანია, AvtoVAZ -მა რომელიც აწარმოებს Ladas-ს, და არის ავტომობილების წამყვანი მწარმოებელი რუსეთში, ამ კვირაში გამოაცხადა თავისი ქარხნების დახურვა ოღონდ ოთხი დღით “ნახევარგამტარების მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო”, პროცენტულად კი რუსეთს უკავია Renault-ის გლობალური წარმოების 18% AvtoVAZ-ის Lada-ს ბრენდით.

თუმცა, Renault-თან ერთად, ფრანგული კომპანიების დიდი ნაწილი აგრძელებს საქმიანობას რუსეთში, მათ შორის აგროსასურსათო სექტორში და ეს ფრანგული კომპანიები შედარებით მნიშვნელოვან როლს ასრულებენ რუსეთის მოქალაქეების სურსათის მიწოდებაში.

მათ შორისაა Danone, რომლისთვისაც რუსეთი წარმოადგენს მისი გლობალური ბაზრის 5%-ს, და Bonduelle, რომელსაც აქვს სამი საწარმოო ადგილი რუსეთში.

მართალია, Danone-მა შეაჩერა ინვესტიციები რუსეთში და დახურა თავისი ორი ქარხნიდან ერთი, მაგრამ ის აგრძელებს განახლების ოპერაციების მართვას.

რუსეთში აგრძელებენ საქმიანობას ასევე Mulliez-ის ოჯახის Auchan, Décathlon და Leroy Merlin მაღაზიები.
Leroy Merlin ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია რუსულ ბაზარზე, სადც 36,000 თანამშრომელი მუშაობს 107 ჰიპერმარკეტში 62 ქალაქში, რაც წარმოადგენს Leroy Merlin ჯგუფის, Adeo-ს დედა კომპანიის ბრუნვის დაახლოებით ერთ მეხუთედს და სასაქონლო ბრუნვით ეს არის მისი მეორე ბაზარი საფრანგეთის შემდეგ.
რუსეთში 231 მაღაზიით და 3,2 მილიარდი ევროს (3,5 მილიარდი დოლარი) ბრუნვით ან მთლიანი შემოსავლის 10%-ზე მეტით, Auchan ასევე რჩება რუსეთში.

რაც შეეხება ფინანსურ სექტორს, რუსეთში კვლავ ფუნქციონირებს ხუთივე უმსხვილესი ფრანგული ბანკი, კერძოდ, BNP Paribas, და Crédit Agricole, ასევე Société Générale, რომელიც წარმოდგენილია შვილობილი კომპანია,- Rosbank-ის სახით, თავისი 235 ფილიალით და ორი მილიონი კლიენტით. რომელსაც უკავია მისი გლობალური საქმიანობის დაახლოებით 2% .

ერთ განმარტებასაც გავაკეთებ, რომელიც ჩვენი მხრიდან საერთაშორისო სანქციებთან შეერთების თემის ზედმეტად პოლიტიზირებას და ოპოზიციის მხრიდან ამ თემით სპეკულირებას ეხება. ეს ფრანგული კომპანიები პრინციპულად განსხვადებიან თუნდაც ექსპორტიორი ქართული კომპანიებისაგან, იქნება ეს ღვინის მარნები თუ მინერალური წყლების კომპანიები იმით, რომ ისინი ოპერირებენ რა რუსეთში ასაქმებენ ადგილობრივ მუშახელს და შეაქვთ გადასახადები რუსეთის ბიუჯეტში, ერთადერთი რეპატრიაციის გადასახადი გააქვთ დივიდენდების სახით.

თუ საკითხი ასე დგას, სწორედ იმ ბიუჯეტში შესული ფულია, მერე უკრაინის ქალაქებს რომ ბომბავს, მაშინ როცა ქართველი ექსპორტიორი კომპანიები ძირითადად აქ ასაქმებენ ადამიანებს, ასევე აფინანსებენ მომიჯნავე მკვებავ დარგებს და აქვე იხდიან გადასახადებს. მაგალითისათვის ღვინის ქარხნები პირდაპირ აფინანსებენ მევენახეობას. ეს აქაურმა რენეგატმა ოპოზიციამაც კარგად გაითავისოს და ზოგიერთმა თუნდაც მაღალი დონის უცხოელმა ელჩმაც”, – წერს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები