სამხარაძე: ნეიტრალიტეტზე საუბარი სააკაშვილმა დაიწყო, რაც ამ ქვეყნისთვის მტრობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია
ნეიტრალიტეტზე საუბარი ვინ დაიწყო? 17 მარტს მიხეილ სააკაშვილმა, რაც არის ამ ქვეყნისთვის მტრობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი, რადგან ვინც დღეს ნეიტრალიტეტზე ლაპარაკობს, არის ამ ქვეყნის მტერი, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ნეიტრალიტეტის არანაირი საკითხი არ დგას.
“დღეს ნეიტრალიტეტის არანაირი საკითხი არ დგას, საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოს ამოცანაა ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება. ეს ის ჩანაწერია, რომელიც, სხვათა შორის, 2017 წელს კონსტიტუციაში ჩვენ გავაკეთეთ და ამ კურსს მივყვებით. ვისაც ამ თემების შემოგდება უნდა, სწორედ ისინი ღალატობენ და მტრობენ ამ ქვეყანას. „ქართული ოცნებიდან“ ნეიტრალიტეტზე არავის საუბარი არ დაუწყია, მედიამ აიტაცა მიხეილ სააკაშვილის განცხადება. ეს არის გაგრძელება იმ მტრული და მოღალატეობრივი პოლიტიკის, რომელსაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მიზანმიმართულად ეწევიან, რათა დააზიანონ ჩვენი ხელისუფლებისა და ქვეყნის იმიჯი. ცდილობენ, რაღაც პოლიტიკური ქულები დაიწერონ და ამის ხარჯზე მაინც მოვიდნენ ხელისუფლებაში. მინდა, მათ შევახსენო, რომ ქართული საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს და მათი ეს მცდელობაც წარუმატებელი იქნება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.