ზურაბ ჯაფარიძე: ნეიტრალიტეტი ნიშნავს რუსეთში დაბრუნებას – უარის თქმას ყველაფერზე, რაც ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებშია

ნეიტრალიტეტი ჩვენთვის, დღეს და ახლა, ნიშნავს რუსეთში დაბრუნებას, განუვითარებლობას, მონობას. გულუბრყვილობა, ისტორიის უცოდინარობა და დღევანდელი რუსეთის რაობის ვერ გააზრებაა იმის ფიქრი რომ რუსეთის ჩვენდამი დამოკიდებულება განპირობებულია ჩვენი ნატოსკენ სწრაფვით, – წერს „გირჩი – მეტი თავისუფლების“ დამფუძნებელი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, რუსეთს არ უნდა, რომ საქართველომ მის საზღვართან წარმატებული ლიბერალური დემოკრატიის შექმნა შეძლოს.

“ანუ იტყვი – ‘ნეიტრალური ვარ’ და მორჩა? შეგეშვებიან?

აქამდე როგორ ვერ მოვიფიქრეთ ეს?

აქამდე როგორ ვერ მოიფიქრა ყველა პატარა/სუსტმა სახელმწიფომ რომ ეს ეთქვა და დაემთავრებინა ომები დედამიწაზე?

მეოთხე კლასში რატომ არ ვასწავლით რომ ამის თქმა ასეთი მნიშვნელოვანია?

ნეიტრალიტეტი ჩვენთვის, დღეს და ახლა, ნიშნავს რუსეთში დაბრუნებას, განუვითარებლობას, მონობას.

გულუბრყვილობა, ისტორიის უცოდინარობა და დღევანდელი რუსეთის რაობის ვერ გააზრებაა იმის ფიქრი რომ რუსეთის ჩვენდამი დამოკიდებულება განპირობებულია ჩვენი ნატოსკენ სწრაფვით.

რუსეთს არ უნდა რომ ჩვენ შევძლოთ წარმატებული ლიბერალური დემოკრატიის შექმნა მის საზღვართან, რადგან ამან შეიძლება დააფიქროს რუსეთის მოქალაქეები იმაზე რომ მათაც სურთ ასეთი ქვეყანა, რაც საფრთხეს შეუქმნის იქ არსებულ რეჟიმს და მმართველობის ფორმას.

რა ვქნათ, ავტოკრატიასა და დიქტატურაში ვიცხოვროთ, რუსეთის შიშით?

რუსეთს არ უნდა რომ აქ ჩვენ გვქონდეს წესიერი სასამართლო, რადგან წესიერი სასამართლო შემდეგ ბევრ რამეს ასწორებს ქვეყანაში. მერე რუსებსაც რომ მოუნდეთ იგივე თავისთან?
რა ვქნათ, გავაგრძელოთ მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოთი ცხოვრება, რუსეთის შიშით?

რუსეთს არ უნდა რომ ჩვენ გვქონდეს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, რადგან რუსებმაც თუ იგივე მოინდომეს თავისთან, ესეც საფრთხეა იქ არსებული რეჟიმისთვის.
რა ვქნათ, შევიზღუდოთ თავი აზრების თავისუფალი გამოხატვისგან, რუსეთის შიშით?

რუსეთს არ უნდა მეზობლად წარმატებული, კერძო საკუთრებაზე დაფუძნებული საბაზრო ეკონომიკა, რადგან ესეც საფრთხეს აჩენს რომ იგივე შეიძლება მოითხოვონ რუსებმა შინ.
რა ვქნათ, ჩავრჩეთ კიდევ დიდხანს საბჭოთა საქართველოში როგორც ჩავრჩით ეს 30 წელი, რუსეთის შიშით?

რუსეთს არ უნდა რომ ჩვენ გვქონდეს ბევრი ფული, ვიყოთ მდიდრები, რადგან მერე შეიძლება ბოლომდე დავიკიდოთ ეგ ბოროტების მოდიფიცირებული იმპერია.
რა ვქნათ, დავრჩეთ ღარიბები და განუვითარებლები და ამ ჭაობში დავტოვოთ ჩვენი შვილებიც, რუსეთის შიშით?

რუსეთს არ უნდა ჩვენ ოდესმე ვისწავლოთ და შევძლოთ საკუთარი თავის დაცვა, რადგან მერე ვეღარ შეგვაშინებს, ვეღარ დაგვაჩმორებს
რა ვქნათ, დავრჩეთ უღირს ჩმორებად და იმავესთვის გავწიროთ შვილებიც, რუსეთის შიშით?

რუსეთს არ უნდა რომ აქ გაიაროს ტვირთებმა, ნავთობმა, გაზმა, მაგიტომ ჩაკლა ანაკლიის პროექტიც, რადგან თვითონ აქვს ინტერესი სატრანზიტო ფუნქციის შესრულებაში.
რა ვქნათ, ყველაფერზე უარი ვთქვათ რამაც შეიძლება ფული მოგვიტანოს, რუსეთის შიშით?

რუსეთს არ უნდა, აქ არჩევნებით იცვლებოდეს ხელისუფლება, რადგან რა გარანტია აქვს რომ ნებისმიერი ახალი ხელისუფლება უარს არ იტყვის ‘ნეიტრალიტეტზე’ და მუხლებზე დგომაზე?
რა ვქნათ, გავაუქმოთ არჩევნები და დავმორჩილდეთ რომელიმე ქართველ ‘კადიროვს’, რუსეთის შიშით?

რუსეთს არ უნდა რომ ჩვენ გავხდეთ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი.
რა ვქნათ, უარი ვთქვათ ყველაფერზე რისთვისაც ჩვენმა წინაპრებმა მართლა სისხლი ღვარეს, მართლა სიცოცხლეები დათმეს, მართლა იომეს ბევრჯერ – რუსეთის შიშით?

ე.წ. ნეიტრალიტეტი სინამდვილეში ნიშნავს ამას – უარის თქმას ყველაფერზე რაც ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებშია და თანხმობას მონობაზე, განუვითარებლობაზე, სიღატაკეზე.
რაც დასრულდება რუსეთის მხრიდან ჩვენი ჩაყლაპვით როგორც კი ამის ხელსაყრელი მომენტი დაუდგება.
ეგაა ‘ნეიტრალიტეტი’, – წერს ჯაფარიძე “ფეისბუქზე”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები