გია ვოლსკი: აშშ შეშფოთების გამოხატვით მიგვითითებს, რომ კანონის უზენაესობა დავიცვათ
დეპუტატი გია ვოლსკი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას აფასებს, რომლის მიხედვითაც აშშ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. დეპუტატის განცხადებით, აშშ, როგორც ჩვენი მეგობარი ქვეყანა, შეშფოთების გამოხატვით მიგვითითებს, რომ კანონის უზენაესობის აღსრულებისას დავიცვათ სამართლებრივი სისტემის პრინციპები. მისივე თქმით, აშშ საქართველოს ხელისუფლებას ახსენებს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, თუმცა კანონი ასევე არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკურ იარაღად.
„შეშფოთება არ ნიშნავს იმას, რომ უარს ამბობს მთავარ პრინციპზე, რომელიც მათ თავიანთ განცხადებაში უწერიათ. ეს არის კანონის უზენაესობა. განცხადება გაკეთდა იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლება და მისი სამართალდამცავი სტრუქტურები ყურადღებით იყვნენ იმ მთავარ პრინციპებზე, რომლებიც განცხადებაშია აღნიშნული. ისინი გვახსენებენ პრინციპების დაცვის აუცილებლობას და ყურადღებით გვადევნებენ თვალყურს, რაც არაერთ განცხადებაშია აღნიშნული. ჩვენი მეგობარი ქვეყნები თავს ვალდებულად მიიჩნევენ, კიდევ ერთხელ შეგვახსენონ სამართლებრივი სისტემის იმ სტანდარტების დონე, რომელიც განაპირობებს ჩვენს სტაბილურ სვლას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. სწორედ აქედან გამომდინარე უნდა იქნეს გაგებული განცხადებებიც და მომართვებიც“, – განაცხადა ვოლსკიმ.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ევროსაბჭომ, ასევე გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესმა კომისარმა ჯერ კიდევ 2008 წელს, Human Rights Watch-ის ანგარიშში შეშფოთება გამოთქვეს 2007 წლის 7 ნოემბერს საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენების გამო. წლების წინ მათ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების ქმედებები დაგმეს.
აღნიშნულის შესახებვრცელ ანგარიშში ნათქვამი იყო:
„სპეცრაზმმა გადამეტებული ძალა გამოიყენა მომიტინგეების დასარბევად, მათ წყლის ჭავლით, ცრემლსადენი გაზით და რეზინის ტყვიებით დაუპირისპირდა. პოლიციელები ცემდნენ ცალკეულ მომიტინგეებს. ოფიციალური მონაცემებით, 550-ზე მეტი აქციის მონაწილე და 34 პოლიციელი სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში მოათავსეს“. ამასთან, დოკუმენტში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ევროსაბჭომ, ასევე გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი საქართველოს იმდროინდელ ხელისუფლებას მოუწოდებდნენ ოპოზიციასთან დიალოგის დაწყებისკენ, ასევე თავშეყრის უფლებისა და მედია საშუალებების საქმიანობის შეზღუდვად შეფასდა ტელეკომპანია „იმედდან“ დაკავშირებით განვითარებული მოვლენები.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა „კვირასთან“ საუბრისას ეს პერიოდიც გაიხსენა და აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის დღევანდელ განცხადებასთან ერთად, Human Rights Watch-ის 2008 წლის ანგარიშიც შეაფასა:
„ფაქტია, რომ აშშ და ევროპა მოითხოვენ პროცესების კანონის შესაბამისობაში წაყვანას. რასაკვირველია, უნდა დავეთანხმოთ, არავითარი პოლიტიკური ნიშანი არ უნდა ახლდეს ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის ბრალის წაყენებას და გამოძიების მიმდინარეობას. არც ევროპისთვის და არც ამერიკისთვის ყოფილი პოლიტიკური ლიდერის გადაცდომების გამო პასუხის მოთხოვნა სიახლე არ არის. საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არც ყოფილ, არც არსებულ და არც მომავალ ხელისუფლებას არ ჰქონდეს არანაირი წარმოდგენა იმის შესახებ, რომ შეიძლება რაღაც გადაცდომები დაუშვა და შემდეგ პასუხი არ მოგეთხოვება. კანონი პოლიტიკური ნიშნით არ უნდა გამოვიყენეოთ, კანონის წინაშე ყველა არის თანაბარი – ეს არის მთავრი პრინციპები და ჩვენ ამ პრინციპებს დავიცავთ და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს შედეგებს დავანახებთ“, – აღნიშნა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა.
“ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებით. კანონის უზენაესობის დაცვა ნიშნავს ორივეს: დემოკრატიულ საზოგადოებაში ყველა უნდა დაემორჩილოს კანონს და სამართლებრივი სისტემა არ უნდა იყოს გამოყენებული, როგორც პოლიტიკური იარაღი. ჩვენ ვაკვირდებით ამას და სხვა მსგავს საქმეებს და განვაგრძობთ საქართველოს ოფიციალური პირებისთვის კანონის უზენაესობის მკაცრად დაცვის მნიშვნელობის ხაზგასმას”, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.