„არავითარი კომპრომისი ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით“ – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არ დათანხმდება არანაირ კომპრომისს, რომელიც დაკავშირებული იქნება ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან. აღნიშნული განცხადება მან CNN -თან ინტერვიუში გააკეთა.
CNN-ის კორესპონდენტმა ჰკითხა ზელენსკის რუსეთის მოთხოვნებთან დაკავშირებით, მათ შორის, ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარების შესაძლებლობაზე, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების – დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადების შესახებ, ასევე, გარანტიებზე იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა არასდროს გახდება НАТО-ს წევრი ქვეყანა.
„არის კომპრომისები, რომელთათვის ჩვენ მზად არ ვართ, როგორ დამოუკიდებელი სახელმწიფო. არანაირი კომპრომისი ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე არ იქნება. ამაზე უკრაინელი ხალხიც საუბრობს. ისინი არ დახვედრიან რუს ჯარისკაცებს ყვავილებით, ისინი მათ იარაღით ხელში დახვდნენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ვერ შეძლებს სხვა ქვეყნის მოქალაქის კეთილგანწყობის მოპოვებას ძალით.
„სხვა ქვეყნის პრეზიდენტს ვერ აიძულებ, რაიმე აღიაროს“, – განმარტა მან.