ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ „მთავარი არხის“ მიერ დავით მათიკაშვილის შესახებ მომზადებულ სიუჟეტში ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევა დაადგინა
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა, ჟანა აკოფაშვილმა უმრავლესობის დეპუტატის, დავით მათიკაშვილის შესახებ მომზადებულ სიუჟეტში ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია, რაც გულისხმობს, რომ ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.
ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მიმართა საქართველოს პარლამენტის წევრმა, დავით მათიკაშვილმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში, 2021 წლის 16 ოქტომბერს, გადაცემაში „მთავარი შაბათი“, გასულ სიუჟეტში „მდიდარი მოხელეები“ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი. მოპასუხედ განისაზღვრა სიუჟეტის ავტორი – ჟანა აკოფაშვილი.
აღნიშნულია, რომ საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებლის წარმომადგენელი, ხოლო მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება წარმოუდგენია.
“სიუჟეტის თანახმად, იგი ეხებოდა გამდიდრებულ დეპუტატებს, მათ შორის, დავით მათიკაშვილს, რომელთან დაკავშირებითაც ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ მან ყველა სურვილი შეისრულა, რაც გამდიდრებას ეხებოდა. სიუჟეტში მითითებულია, რომ დავით მათიკაშვილი 4 საცხოვრებელ ბინას ფლობს. ხოლო საჯარო რეესტრის მონაცემებით, იგი ფლობს არა 4, არამედ 3 საცხოვრებელ ბინას. ჟურნალისტი ასევე აწვდის მაყურებელს ინფორმაციას, რომ მათიკაშვილი ფლობს ბინებს ბორჯომსა და ბაკურიანში, ანუ დამატებით კიდევ 2 ქონებას. ასევე საჯარო ინფორმაციის თანახმად, მათიკაშვილის ცოლი, ნინო მამულაშვილი ფლობს ერთ ქონებას ბორჯომის რაიონში, დაბა ბაკურიანში და არა 2 ქონებას, როგორც ეს სიუჟეტში იყო მითითებული. აქვე აღსანიშნავია, რომ ვინაიდან ჟურნალისტი აქცენტს აკეთებდა „მილიონერ დეპუტატებზე“, გამდიდრებულებზე, მნიშვნელოვანია, ფასის გარდა, სხვა ინფორმაციაც მიეწოდებინა აუდიტორიისათვის, კერძოდ, შეძენილი ბინების ფართი, მათი მდგომარეობა შეძენის მომენტში, რათა აუდიტორიისთვის სრული სურათი ყოფილიყო ნაჩვენები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.