მიხეილ ჩხენკელმა ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის დირექტორატის გენერალური დირექტორის მოადგილეს სინე რაცოს უმასპინძლა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის დირექტორატის გენერალური დირექტორის მოადგილეს სინე რაცოს უმასპინძლა და მასთან ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალ ჩარჩო პროგრამაში Horizon Europe საქართველოს სრული ჩართულობის შესახებ ისაუბრა. მიხეილ ჩხენკელმა სინე რაცოს საქართველოში მეცნიერების განვითარების კუთხით გადადგმული ნაბიჯები დეტალურად გააცნო.
შეხვედრისას მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა, რომ 3 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერით, საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად წარადგინა, რაც უმნიშვნელოვანესი ეტაპია ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ეს პროცესი საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებით დაგვირგვინდება.
მიხეილ ჩხენკელმა სინე რაცოს ასევე აცნობა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ, რომლის მიხედვით სკოლის მოსწავლეები, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად, ვერ ახერხებენ უკრაინის სკოლებში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და გამოხატავენ სურვილს, რომ სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ჩაირიცხებიან.
მიხეილ ჩხენკელის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობით, საქართველო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამის, Horizon Europe-ის წევრი გახდა და საქართველოში Horizon Europe-ის ეროვნული ოფისი დაფუძნდა, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით.
მინისტრის აზრით, უმნიშვნელოვანესია, რომ ამ შეთანხმების საფუძველზე Horizon Europe-ის პროგრამის კონკურსებში საქართველოს წარმომადგენლები ისარგებლებენ ზუსტად ისეთივე პირობებითა და უფლებებით, როგორითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები სარგებლობენ. შედეგად, საქართველოს უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს შეეძლებათ, უხელმძღვანელონ მსხვილ საერთაშორისო სამეცნიერო კონსორციუმებს, ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობით შეიმუშაონ და განახორციელონ საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები.
მიხეილ ჩხენკელმა იმედი გამოთქვა, რომ პროგრამის ფარგლებში შეიქმნება და განხორციელდება სამეცნიერო პროექტები ევროკავშირის წამყვან კვლევით ინსტიტუტებთან თანამშრომლობით, რაც მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის ზრდას შეუწყობს ხელს.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა სინე რაცოს განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კონცეფცია გააცნო, რომლის იდეის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე. მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, უნივერსიტეტს აქვს სწრაფად მზარდი რეიტინგი – 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის პირველ ადგილს იკავებს.
შეხვედრისას მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის მაღალ სტანდარტსა და ინტერნაციონალიზაციის ხარისხს განაპირობებს ის მიდგომა, რაც აკადემიური პროგრამების შექმნას კონკრეტულ დარგში მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გულისხმობს. გარდა ამისა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ლექციებს ქართველ პროფესორებთან ერთად უცხოელებიც კითხულობენ.
სინე რაცოსთან შეხვედრისას მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მეცნიერების განვითარების შესაძლებლობებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ „ქართუ“ ფონდის დაფინანსებით, უნივერსიტეტის ბაზაზე დაარსდა ადრონული თერაპიის ცენტრი, რომელშიც განთავსდება ორი ციკლოტრონი – ერთი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას, მეორე კი განკუთვნილი იქნება სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში.
მინისტრის თქმით, ის ფაქტი, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად კვლევისთვის იქნება განკუთვნილი, განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან. არაერთმა ცნობილმა უცხოელმა მეცნიერმა უკვე გამოთქვა სურვილი, ქართველ კოლეგებთან ერთად ჩაერთოს კვლევით პროცესში. მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, ადრონული თერაპიის ცენტრში ორი ციკლოტრონის განთავსება სტრატეგიული გადაწყვეტილებაა და მის განსავითარებლად ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადაიდგა. მინისტრის თქმით, ციკლოტრონების დამზადება მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში (IBA) მიმდინარეობს, შესაბამისად ადრონული თერაპიის ცენტრის განვითარება დასახული გეგმის მიხედვით ხორციელდება და პირველ პაციენტს კლინიკა 2024 წელს მიიღებს.
სინე რაცოსთან შეხვედრის დროს მიხეილ ჩხენკელმა იმედი გამოთქვა, რომ ადრონული თერაპიის ცენტრის ბაზაზე უცხოეთის კვლევითი დაწესებულებების ჩართულობით Horizon Europe-ის დაფინანსებული მრავალი პროექტი განხორციელდება, რადგან ადრონული თერაპიის ცენტრის საკვლევი თემატიკა ზუსტად ეხმიანება Horizon Europe-ის 2030 წლის მიზნებს, რომლის პრიორიტეტს სწორედ სიმსივნურ დაავადებებთან ბრძოლის მიმართულების პროექტების დაფინანსება წარმოადგენს. ამ მხრივ საქართველოს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევა, სამედიცინო ფიზიკაში წარმართული კვლევების მთავარი მონაწილე გახდეს და მსოფლიო მასშტაბით თავისი ღირსეული სიტყვა თქვას.
შეხვედრისას, მიხეილ ჩხენკელმა ასევე განაცხადა, რომ დაწყებულია საუნივერსიტეტო სამეცნიერო საგრანტო ოფისების ქსელის შექმნა, რომელიც ეტაპობრივად ყველა უნივერსიტეტს მოიცავს. მისი თქმით, რამდენიმე საჯარო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მათ შორის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტშიც უკვე გაიხსნა საგრანტო ოფისები, რომელთა ფუნქცია იქნება არა მხოლოდ ინფორმაციის გავრცელება ევროკავშირის კონკურსების შესახებ, არამედ მეცნიერთა ჯგუფების დახმარება კონკურენტუნარიანი საპროექტო განაცხადის მომზადებასა და შემდგომში მის მართვაში.
თავის მხრივ, ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის დირექტორატის გენერალური დირექტორის მოადგილემ მინისტრს მადლობა პირადად გადაუხადა იმ ძალისხმევისათვის, რაც მან ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალ ჩარჩო პროგრამაში Horizon Europe საქართველოს გაწევრიანებისთვის გასწია. მისი თქმით, Horizon Europe-ის ეროვნული და რეგიონული ოფისების უმოკლეს დროში დაფუძნება სწორედ მინისტრისა და მთლიანად სამინისტროს გუნდის მუშაობის დამსახურებაა.
სინე რაცომ 17-18 მარტს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციას „ევროკავშირი-საქართველო – საქართველოს სრული ჩართულობა პროგრამაში Horizon Europe“ მაღალი შეფასება მისცა და განაცხადა, რომ აღნიშნული ღონისძიება იყო ძალიან ინფორმაციული და პროდუქტიული ყველა დაინტერესებული მეცნიერისათვის. სტუმარმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელმაც ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალ ჩარჩო პროგრამაში Horizon Europe სრულად გაწევრიანების შემდეგ, საქართველო-ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ერთობლივი კომიტეტის პირველ შეხვედრას უმასპინძლა.
ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის დირექტორატის გენერალური დირექტორის მოადგილე სინე რაცო საქართველოს სამუშაო ვიზიტით სტუმრობდა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეობა მიიღო 17-18 მარტს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაში „ევროკავშირი-საქართველო – საქართველოს სრული ჩართულობა პროგრამაში Horizon Europe“. ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გახსნა და მასში მონაწილეობა ასევე მიიღეს ინოვაციების, კვლევის, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის ევროკომისარმა მარია გაბრიელმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა, Horizon Europe-ის საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა მაია ოკუჯავამ, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.