რუსული მედიის ცნობით, სიმფეროპოლში ყირიმის რუსეთთან გაერთიანების წლისთავისადმი მიძღვნილი აქცია-კონცერტი მიმდინარეობს
ოკუპირებული ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ცენტრში, სიმფეროპოლში, ყირიმისა და სევასტოპოლის რუსეთთან გაერთიანების წლისთავისადმი მიძღვნილი აქცია-კონცერტი მიმდინარეობს. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო – Ria იუწყება.
რუსული მედიის ცნობით, სიმფეროპოლის ცენტრში შეკრებილებს სცენიდან ანექსირებული ყირიმის ე.წ. პრემიერმინისტრმა, სერგეი აქსენოვმა მიმართა.
“ჩვენი პრეზიდენტის ისტორიული გადაწყვეტილების წყალობით, ყირიმი და სევასტოპოლი სამშობლოში დაბრუნდნენ. უკანასკნელი რვა წელი ყირიმის მშვიდობისა და თავისუფლების პერიოდია. ჩვენ სამშობლოს დაცვისა და გათავისუფლების სურვილი გვაერთიანებს“, – განაცხადა სერგეი აქსენოვმა.
სიმფეროპოლისა და სევასტოპოლის რუსეთთან გაერთიანების 8 წლისთავს საზეიმოდ აღნიშნავენ მოსკოვშიც, სადაც, რუსული მედიის ცნობით, აქცია-კონცერტს ვლადიმერ პუტინიც უერთდება.