გივი მიქანაძე საბერძნეთის რესპუბლიკის ელჩს, მარია თეოდორუს შეხვდა
საბერძნეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, გივი მიქანაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მარია თეოდორუსთან.
პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს მეგობრობის ჯგუფის ფორმატში დაგეგმილი და განსახორციელებელი ღონისძიებები. „პირველ რიგში, დავაფიქსირეთ ჩვენი შუამდგომლობა, რომ საბერძნეთმა მაქსიმალურად მხარი დაუჭიროს საქართველოს მიერ გაკეთებულ განაცხადს ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, საუბარი გვქონდა ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე. მას მივაწოდეთ ინფორმაცია ჩემს ბერძენ კოლეგასთან და საქართველოს ელჩთან კოორდინაციით დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებზე.
ასევე ვუთხარი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება უახლოეს პერიოდში შედგეს ჩემი და მეგობრობის ჯგუფის წევრების ოფიციალური ვიზიტი ათენში, სადაც გაიმართება პარლამენტში მეგობრობის ჯგუფთან, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან და ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ მიმართულებების წარმომადგენლებთან შეხვედრები, რომლებიც ევროკავშირთან ურთიერთობებს კურირებენ”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გივი მიქანაძემ.
მისი თქმით, საუბარი შეეხო მემორანდუმის ტექსტს, რომელიც საქართველოსა და საბერძნეთის პარლამენტებს შორის უნდა გაფორმდეს.
„მემორანდუმის ტექსტი განხილვის პროცესშია. მნიშვნელოვანია დოკუმენტზე მუშაობა მალე დასრულდეს და ხელი მოეწეროს იმისთვის, რომ ორ ქვეყანას ჰქონდეს გარკვეული კეთილი ნების გამოხატვის დოკუმენტი, რომ საკანონმდებლო ორგანოებს შორის განსაკუთრებული თანამშრომლობა და პარტნიორობაა. აღინიშნა, რომ ამ დოკუმენტის საფუძველზე შემდგომში შესაძლებლობა გვექნება იყოს ხშირი კონტაქტი, არა მარტო დეპუტატებს შორის, როგორც მეგობრობის ჯგუფის, ასევე საკომიტეტო ურთიერთობების დონეზე, არამედ პარლამენტების აპარატის თანამშრომლების გაცვლითი ვიზიტების ფორმატშიც, მათ შორის, კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან აპროქსიმაციის კუთხით და მათი განვლილი გზის გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება”, – აღნიშნა მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა.
გივი მიქანაძის განცხადებით, 20 აპრილს საქართველოსა და საბერძნეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წელი სრულდება და მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ თარიღთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის განმავლობაში, გაიმართება ღონისძიება, რაც კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს ამ ურთიერთობების მნიშვნელობას. „ეს ის საწყისი გეგმებია, რომლის განხორციელებაზეც ერთობლივად ვიმუშავებთ. ამ ინიციატივებზე ელჩმა სრული მხარდაჭერა გამოხატა და თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ორ პარლამენტს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდეს და მაქსიმალურად ხელშეწყობილი იქნება როგორც მეგობრების ჯგუფის დონეზე, ასევე სხვა დეპუტატების მხრიდან წამოსული შემდგომი აქტივობები”, – აღნიშნა მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა.