გიორგი ცუცქირიძე: მალე, რუსული ბოლო იმპერიის დასასრულსაც ვნახავთ და საქართველოს გამთლიანებასაც
მალე, რუსული ბოლო იმპერიის დასასრულსაც ვნახავთ და საქართველოს გამთლიანებასაც, და ეს იმაზე სწრაფად მოხდება, ვიდრე ფაშისტური გერმანია დამარცხდა საერთაშორისო კოალიციასთან მეორე მსოფლიო ომში, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ბრძოლა 4 სივრცეში მიმდინარეობს, კერძოდ, ხმელეთზე, ჰაერში, ზღვაში და საინფორმაციო მედია პლატფორმაზე.
“საინფორმაციო ომი, თანამედროვე ომის შემადგენელი ნაწილია და გარდა კიბერ შეტევებისა, შიდა და გარე აუდიტორიის მოხმარებაზეა გათვლილი. უფრო რომ დავაზუსტოდ, უპრიანია ჰიბრიდული ომი ვიხმაროთ, რადგან საინფორმაციო ომიც მისი შემადგენელი ნაწილია. საერთაშორისო განმარტებით ჰიბრიდულ ომს უწოდებენ სამხედრო თუ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად დიპლომატიური, სამხედრო, ეკონომიკური, და განსაკუთრებით საინფორმაციო საშუალებებისა და კონვენციური, არარეგულარული (პარტიზანული და ასიმეტრიული), ტერორიზმის, კრიმინალური და კიბერ ბრძოლის მეთოდების ერთობლივ, კოორდინირებულ, ღია და ფარულ გამოყენებას.
შესაბამისად, ბრძოლა მიმდინარეობს არა 3, არამედ 4 სივრცეში: ხმელეთზე, ჰაერში, ზღვაში და ბუნებრივია, საინფორმაციო მედია პლატფორმაზე.
„ჰიბრიდული ომის“ წარმოებისას მთავარი სამიზნე ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერზე ზემოქმედებაა. შესაბამისად, თავდამსხმელმა ქვეყანამ აუცილებლად უნდა მოიპოვოს ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერა. სხვა შემთხვევაში, „ჰიბრიდული ომის“ წარმოება ფაქტობრივად შეუძლებელია. პროპაგანდისა და მასებზე საინფორმაციო-ფსიქოლოგიური შეტევების გამოყენებით, ხდება სამიზნე ქვეყნის ეთნიკურ ჯგუფებში, პოლიტიკურ ელიტასა და სამოქალაქო საზოგადოებაში დაპირისპირების პროვოცირება.
პარალელურად, ხორციელდება საინფორმაციო სივრცის მომზადება შიდა და საერთაშორისო აუდიტორიისთვის:
თებერვალში უკრაინაში შეჭრის წინ, რუსული პროპაგანდა უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებას წარმოაჩენდა ულტრა-რადიკალებად და ფაშისტებად, რომელთა ხელისუფლებაში ყოფნა საფრთხეს ქმნიდა უკრაინაში მცხოვრები რუსულენოვანი მოსახლეობისათვის. მანამდე, ყირიმის ინტერვენციისას, უკვე იმ დროინდელ უკრაინის ოპოზიციას წარმოაჩენდა ანალოგიურ ეგზისტენციურ საფრთხედ.
შემთხვევით არ არის, რომ უკრაინაში შეჭრის “სპეცოპერაციის” მიზანიც დენაციფიკაცია და უკრაინის დემილიტარიზაცია არის გაცხადებული.
ბლიც-კრიგიც რომელიც ჩავარდა სწორედ ამაზე იყო გათვლილი, რომ უკრაინის მოსახლეობა ვარდებით უნდა შეხვედროთა რუს განმათავისუფლებებს, რასაც ხელისუფლების ჩამოშლა და პრორუსული ხელისუფლების, იგულისხმება იანუკოვიჩი, “ხელდასმა” უნდა მოყოლოდა.
რუსული წარუმატებელი სამხედრო ოპერაციის ფონის გადასაფარად, უკვე ორი დღეა მასიურად ვრცელდება ინფორმაცია, უკრაინის ნეიტრალიტეტზე, რომ უკრაინამ უარი თქვა ნატო-ში ინტეგრაციაზე და მოლაპარაკებების პროცესში ფაქტიურად, რუსეთის პირობებს დათანხმდა.
ამ ინფორმაციის ატაცება განსაკუთრებით მყისიერად, კრემლის პროპაგანდისტურ მედია საშუალებებით ვრცელდება და პრორუსულ საიტებზე აქტიურად ტირაჟირდება. ეს ჩვენს სოციალურ ქსელებშიც ნათლად იკითხება, ხოლო ცალკეულ მედია საშუალებებში, აქ პირველ რიგში “ალტ ინფოს” და “ობიექტივს” ვგულისხმობ უწყვეტად მიდის დასავლეთის მხრიდან უკრაინის “მიტოვების” და რუსეთის უძლეველობის უვერტურა.
ხმელეთზე წარუმატებელი სამხედრო ოპერაციის შემდეგ, კრემლი, რომ საინფორმაციო სპეცოპერაციას ამზადებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩიც ადასტურებს, რომლის მიზანიც უკრაინის კაპიტულაციაზე ხელმოწერის ფაქტად წარმოჩინებაა, სადაც ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ თითქოსდა უკრაინა დათანხმდა ნეიტრალიტეტს დონბასის და ყირიმის გარეშე!
ყველაზე საინტერესო კი ის გარემოებაა, რომ ეს საინფორმაციო შეტევა და აქაური პრორუსული ძალების ორკესტრირება, ლავროვის ციტირებებით თითქოსდა უკრაინასთან ე.წ 15 პუნქტიან მოლაპარაკებებში ნეიტრალური სტატუსი სერიოზულად განიხილება, ხდება იმ დროს, როდესაც ევროსაბჭო დღეს დაჩქარებული წესით უყრის კენჭს უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ხოლო გავლენიანი დასავლური მედის ინფორმაციით სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს და უფრო მეტ საჰაერო თავდაცვით იარაღს, რომელსაც აშშ უკვე აწვდიდა, მათ შორის, Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებისა და Stinger-ის საზენიტო რაკეტების ჩათვლით.
უკრაინის სამხედრო დახმარების გაგრძელების შესახებ განაცხადეს ნატო-შიც, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლასმა კი განაცხადა უკრაინისთვის Starstreak- ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდების შესახებ.
მთლიანობაში აღნიშნული საჰაერო-თავდაცვის სისტემები მოიცავს ავტომატიზირებულ საზენიტო-სარაკეტო კომპლექს “Оса” (ნატოს კლასიფიკაცია – SA-8), ეს-300 სისტემებს (SA-10, SA-12) და პორტატული საზენიტო სარაკეტო სისტემებს SA-14.
ფაქტობრივად, უკვე უახლოეს დღეებში უკრაინა თავადაც უზრუნველყოფს საჰაერო თავდაცვას ყოველგვარი მოერიშე თვითმფრინავების მიწოდების და ცის დახურვის გარეშეც, რაც რუსულ ფიასკოს სულ უფრო აახლოებს.
ნიშანადობლივია, რომ ნეიტრალიტეტზე არესტოვიჩმა რუსულ პროპაგანდას ცივი წყალი გადაასხა და განაცხადა, რომ ნეიტრალიტეტის შვედური ან ავსტრიული მოდელი, რაზეც რუსული მხარე ასე მიანიშნებს, საერთოდ არ განიხილება და ის შეიძლება იყოს მხოლოდ უკრაინული და იურიდიულად დამოწმებული უსაფრთხოების გარანტიებით.
და ბოლოს, რუსული ბლიც კრიგის ჩავარდნა, უკრაინელი პატრიოტების თავდადების გარდა, მთლიანად დასავლეთის დამსახურებაა, ამაზე სხვა დროს უფრო ვრცლად დავწერ, აქ ზოგიერთ ე.წ პროდვინუტ ექსპერტს დასავლეთი დროგადასული ლიბერალიზმის დაისად და ოდენ “აღშფოთება -შეშფოთებად”, რომ სურს გამოიყვანოს!
მალე, რუსული ბოლო იმპერიის დასასრულსაც ვნახავთ და საქართველოს გამთლიანებასაც, და ეს იმაზე სწრაფად მოხდება, ვიდრე ფაშისტური გერმანია დამარცხდა საერთაშორისო კოალიციასთან მეორე მსოფლიო ომში”, – წერს ცუცქირიძე.