ირაკლი ბერაია: ქართული პოლიცია, ქართული სახელმწიფოს სახეა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის ანგარიში შეაფასა და გაწეული საქმიანობისთვის მინისტრს და მის უწყებას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველაზე დიდი საჯარო უწყებაა, როგორც საპოლიციო, ისე სხვა სახის სერვისების მიმწოდებელი და სწორედ ამ ფართო მანდატიდან გამომდინარე უწყებას ყოველდღიურად ყველაზე მეტი შეხება აქვს საზოგადოებასთან. შესაბამისად, ქართული პოლიცია ქართული სახელმწიფოს სახეა და ჩვენი სამართალდამცავების პროფესიონალიზმი და კომპეტენცია ჩვენი სახელმწიფოს სიჯანსაღის, ჰუმანურობის, სიმტკიცის და მდგრადობის გამოხატულებაა.

2021 წელი წარმატებული იყო უწყების საქმიანობაში. ის იყო წარმატებული დანაშაულთან, მათ შორის, ორგანიზებული დანაშაულის სხვადასხვა გამოვლინებასთან ბრძოლის თვალსაზრისით. ისევე, როგორც სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით. უწყების საქმიანობა გამოირჩეოდა ამბიციურ რეფორმებზე ორიენტირებული დღის წესრიგით, რაც საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერების ნაბიჯებს, ანალიზზე დაფუძნებულ საქმიანობას, საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის მიდგომის ფარგლებში მართლწესრიგის ოფიცრების გეოგრაფიული არეალის გაფართოებას და ამით პოლიციის პრევენციული ფუნქციების გაძლიერებას მოიცავდა.

საგზაო, სატრანსპორტო შემთხვევების აღრიცხვიანობის ახალი პლატფორმის დანერგვით ე.წ. „ჭკვიანი კამერების” რიცხვის ზრდის და სიჩქარის კონტროლის ახალი სექციების ამოქმედებით ავტომაგისტრალებზე იზრდება უსაფრთხოების ზომები. დღეს სახელმწიფო საზღვარი ეფექტიანად არის დაცული და ეს ეხება როგორც სასაზღვრო გამტარ პუნქტებს, ასევე ჩვენი საზღვრის ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებადი მონაკვეთის სრულ პერიმეტრს.

ჩვენი სანაპირო დაცვა, აქტიურად არის ჩართული ნატო-ს შავი ზღვის უსაფრთხოების ზომებში, მასპინძლობს ალიანსის სამხედრო ხომალდებს და ამით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციის პროცესში.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქართული პოლიცია იცავს სტრატეგიული მნიშვნელობის მილსადენებს, რომლებიც სხვა ფაქტორებთან ერთად ზრდიან ჩვენი ქვეყნის და მთლიანად რეგიონის მნიშვნელობას და დიდ როლს ასრულებენ ენერგოუსაფრთხოებაში.

განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს პოლიციის საქმიანობა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. რომ არა მათი პროფესიონალიზმი და თავდადება, საოკუპაციო ხაზზე უკანონო დაკავებების, „ბორდერიზაციის” შემთხვევების და სხვა სახის ინციდენტების ბევრად მეტი რაოდენობა და ბევრად მძიმე შედეგები გვექნებოდა.

სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ თითოეულ პოლიციელს და ვდგავართ მათ გვერდით. ბატონო მინისტრო, გიცხადებთ მხარდაჭერას და თქვენ და თქვენს უწყებას წარმატებებს გისურვებთ”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები