გიორგი ვოლსკი – ზელენსკის მოწოდებაზე მეგობარი ქვეყნის ლიდერებისადმი: პრემიერმა რომ მკითხოს, რა აზრის ხარო, „კალაშნიკოვის“ ლულა გვაქვს საფეთქელზე მოდებული, არ ვურჩევდი

პრემიერმა რომ მკითხოს, რა აზრის ხარო, „კალაშნიკოვის“ ლულა გვაქვს საფეთქელზე მოდებული, არ ვურჩევდი”, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ მეგობარი ქვეყნების ლიდერებისადმი ვოლოდიმერ ზელენსკის მოწოდებასთან დაკავშირებით, რომ კიევში ჩავიდნენ.

მისი თქმით, მსოფლიოში არცერთი ქვეყანა არ არის თავისი ოკუპირებული ტერიტორიით ასეთ მდგომარეობაში, როგორიც საქართველოა.
„რომ გადაწყვიტოს პრემიერმინისტრმა და მკითხოს: შენ რა აზრის ხარო, ასეთ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, მსოფლიოში არცერთი ქვეყანა არ არის თავისი ოკუპირებული ტერიტორიით, „კალაშნოკოვის“ ლულა გვაქვს საფეთქელზე მოდებული, არ ვურჩევდი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე, ევროპელ ლიდერებთან ერთად შესაძლოა თუ არა კიევში საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ჩავიდეს, ვოლსკის შეფასებით, ეს არ იქნებოდა სწორი ნაბიჯი.
მისივე თქმით, როდესაც კონკრეტული მისიით ჩადიხარ და შესაძლოა, ამ მისიის შეუსრულებლად დაბრუნდე ქვეყანაში, ეს კიდევ ერთი დარტყმა იქნება საქართველოს ინტერესებზე.
„არც მაშინ იყო სწორი და არც ახლა იზამს სწორს. „არ შეიძლება“, იმას ნიშნავს, რომ შენ ამ სტატუსით, რასაც მთავარსარდალი ჰქვია, არ უნდა მოგზაურობდე მთავრობასთან წინასწარი შეთანხმების გარეშე და თუ ხელისუფლება ამასთან დაკავშირებით არ გაძლევს მწვანე შუქს, რასაკვირველია, ამას თავისი საფუძველი აქვს. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ჩვენს ქვეყანაზე და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უკრაინის გვერდით არ ვართ.
სულ რომ თავი დაანებო ამ ვითარებას, როდესაც ბეწვზე ჰკიდია ყველაფერი, დანის პირზე მივდივართ, როდესაც სადმე ჩადიხარ კონკრეტული მისიით, თანაც მთავრობასთან შეუთანხმებლად, თუნდაც მთავრობასთან შეთანხმებული ყოფილიყო და ჩამოდიხარ არაფრით, დაინგრა უკრაინა, სისხლის გუბეშია და თემა, ნატო-ში გაწევრიანება საერთოდ გადაიდო. ევროკავშირში გაწევრიანებაც არის ძალიან მყიფე საკითხი, რაზეც ევროკავშირს შეიძლება, თავისი პოზიცია ჰქონდეს, ანუ შენ ჩახვიდე კონკრეტული მისიით და ამ მისიის შეუსრულებლად ჩამოხვიდე საქართველოში, კიდევ ერთი დარტყმაა საქართველოს ინტერესებზე. აქედან გამომდინარე ფრთხილობს მთავრობა, როდესაც არ აძლევს ასეთი ნაბიჯის გადადგმაზე თანხმობას“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები