ხათუნა სამნიძე კელი დეგნანს შეხვდა

????????????????????????????????????

„რეფორმების ჯგუფის” თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე, საქართველოს უსაფრთხოების საკითხებსა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მიერ ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებზე. ხათუნა სამნიძის განცხადებით, შეხვედრაზე აღინიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია არსებული გამოწვევების ფონზე ხელისუფლება და ოპოზიცია ერთობლივად იღებდეს გადაწყვეტილებებს.

„მთავარი საკითხი, რაზეც ვისაუბრეთ, იყო რეგიონში შექმნილი ვითარება და ის მძიმე სურათი, რაც გვაქვს – ომი, რომელიც დაიწყო პუტინმა. ეს ომი არ არის მხოლოდ უკრაინაში, ეს არის მთელი ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ მიმართული ომი და პირდაპირ უკავშირდება საქართველოს. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე. ხაზი გაესვა იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ასეთ დროს ეროვნული ინტერესების ირგვლივ გაერთიანებული იყოს არა მხოლოდ საზოგადოება, არამედ ხელისუფლება და ოპოზიცია ახერხებდეს ამ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ერთობლივად იღებდეს გადაწყვეტილებებს და ერთობლივად იხილავდეს ისეთ საკითხებს, რომელიც პირდაპირ ეხება ქვეყნის უსაფრთხოებას – რა ნაბიჯებია დაგეგმილი, რა არის ხელისუფლების ხედვა და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანაში დაცული იყოს თითოეული მოქალაქე, ეროვნული ინტერესები და რა თქმა უნდა, ჩვენ ქვეყანას ჰქონდეს მკაფიო პოზიცია, რომ გვერდში უდგას ჩვენს პარტნიორს – უკრაინას და მთელ ცივილიზებულ სამყაროს”, – განაცხადა „რეფორმების ჯგუფის” თავმჯდომარემ.

კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ ამერიკის მთავრობა გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.

„ვისაუბრეთ იმ თემებზე, რომელიც შეეხება რეგიონში მიმდინარე პროცესებს. რა თქმა უნდა, შევეხეთ იმ ტრაგიკულ მოვლენებს, რომელიც დღეს მიმდინარეობს უკრაინაში ბატონი პუტინისა და კრემლის მიერ, რომელიც, რა თქმა უნდა, არაპროვოცირებული იყო და ამას შეეწირა ბევრი ბავშვი და დაზარალდა უკრაინელი მოსახლეობა. ასევე, განვიხილეთ ვაშინგტონში ჩემ მიერ გამართული შეხვედრები, სადაც ვისაუბრეთ საქართველოს მხარდაჭერაზე.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ საქართველოში შევხვდეთ ყველა პოლიტიკურ მხარეს. რა თქმა უნდა, ამერიკის მთავრობა გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას. მთავარი გზავნილი, რაც ყველამ უნდა გაითვალისწინოს არის ის, რომ საქართველო უნდა იყოს ერთიანი”, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები