ვლადიმერ კახაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში ვაქცინაციის პროცენტული მაჩვენებლით დაინტერესდა
ფრაქცია „ქართული ოცნების” წარმომადგენელმა, ვლადიმერ კახაძემ რამდენიმე კითხვით მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, რომელსაც დეპუტატები პარლამენტში „მინისტრის საათის” ფორმატში უსმენენ.
„თქვენ ძალიან დისციპლინირებული სამსახური ხართ და მე, როგორც ექიმს და ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენელს, მაქვს ასეთი კითხვა – აცრის მაჩვენებელი რამდენი პროცენტია თქვენს კონტინგენტში? თქვენ ძალიან დიდ პუპულაციასთან გაქვთ შეხვედრები და როგორ მოახერხეთ დისციპლინის განმტკიცების ხარჯზე ამ მაჩვენებლის მიღწევა? ჩემი მეორე კითხვა საგანმანათლებლო სისტემას, კერძოდ, სკოლას ეხება. კუნძული, სადაც ოჯახში დაწყებული უნარ-ჩვევები სრულფასოვან განვითარებას ჰპოვებს და მერე მთელი ცხოვრება უნდა გამოიყენონ.
ხომ არ ფიქრობთ, რომ კარგი იყოს, წელიწადში ერთხელ მაინც თქვენი გამოცდილების სამეცნიერო ანალიზის საფუძველზე სკოლასთან დაახლოება, სკოლაში მისვლა და პრევენციაში ჩართვა, ძალადობა იქნება, იარაღის ტარება, მოძრაობის წესები თუ სხვა? ჩვენ ევროპას ვუახლოვდებით და ევროპელები შეიძლება განცვიფრებულები დარჩნენ, მიწისქვეშა გადასასვლელები რომ არსებობს და მიწის ზევით გადადიან. იქნებ დავაბრუნოთ ის რეჟიმი, რომ მოძრაობას ხელი არ შეეშალოს და ხალხმა ისწავლოს, როგორ უნდა მიწისქვეშა გადასასვლელით სარგებლობა”, – განაცხადა ვლადიმერ კახაძემ.