ნინო წილოსანი: მცდელობა, რომ რუსეთიდან საზღვრის გადმოკვეთასთან დაკავშირებით საზოგადოებაში რაღაც შიში დათესონ, სათანადოდ პასუხგაცემული უნდა იყოს
უსაფრთხოების კუთხით რეგიონში განსაკუთრებული გამოწვევებიდან გამომდინარე, მსურს აქცენტი გავაკეთო რუსეთიდან საზღვრის კვეთასთან დაკავშირებულ საკითხზე და გთხოვოთ, თუ შეგიძლიათ კონკრეტული ციფრები მოგვაწოდოთ, საანგარიშო პერიოდი – ომის დაწყებიდან დღემდე და იდენტური საანგარიშო პერიოდი გასული წლების მანძილზე, რომ გარკვეულწილად ის მცდელობა, რომ საზოგადოებაში დათესონ რაღაც შიში ამ საკითხთან დაკავშირებით, იყოს სათანადოდ პასუხგაცემული, – მიმართა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა შინაგან საქმეთა მინისტრს „მინისტრის საათის“ ფორმატში ანგარიშის წარდგენისას.
ნინო წილოსანი ასევე დაინტერესდა, არის თუ არა შემთხვევები საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით უარის თქმისა და რა შემთხვევებში და რა პირობებში იღებს მესაზღვრე ამ გადაწყვეტილებას.
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ მინისტრს თხოვნით მიმართა, პირადი კონტროლის ქვეშ აიყვანოს მარნეულელი აქტივისტის სამირა ბაირამოვას საქმე.
„ჩემი თხოვნა იქნება, თქვენი პირადი კონტროლის ქვეშ აიყვანოთ მარნეულში აქტივისტ სამირა ბაირამოვას მიმართ განხორციელებული მუქარის შემცველი განცხადებები. სამირას მხრიდან, რადგან ის აქტივისტია, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში განხორციელდა კონკრეტული ქმედებები, რასაც მოყვა მის მიმართ კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენლის მუქარები და ამავდროულად ის პირადად იღებდა სხვადასხვა მუქარის შემცველ მესიჯებს. ამიტომ, თუ მას სათანადოდ არ მოუმართავს თქვენი სტრუქტურისთვის, აქ ჩემს მიერ გაკეთებული განცხადება გთხოვთ მიიღოთ როგორც ამ ინფორმაციის მოწოდება და პირად კონტროლზე აიყვანოთ და მათ შორის ყველა სათანადო ღონისძიება განახორციელოთ“, – მიმართა ნინო წილოსანმა შინაგან საქმეთა მინისტრს.