ბექა დავითულიანი – „ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში პოლიცია და მთლიანად ძალოვანი სისტემა გახდა ბევრად უფრო ჰუმანური და ადამიანური”
„ჩვენი ხელისუფლების პირობებში პოლიცია და მთლიანად ძალოვანი სისტემა გახდა ბევრად უფრო ჰუმანური და ადამიანური”, – ამის შესახებ ბექა დავითულიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ვახტანგ გომელაურს მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ.
დეპუტატი გუშინ მარნეულში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაინტერესდა.
„გასაგებია, რომ რუსული იმპერიალიზმის მქადაგებლების მიმართ აგრესია გაზრდილია რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე და ეს ყოველდღიური პოლიტიკური პროცესების ნაწილი იქნებოდა, რომ არა ის სენსიტიური აქცენტები, რომელიც გუშინ მათ განცხადებებში იყო გაკეთებული რელიგიური და ეთნიკური შუღლის შესახებ, რაც, ჩემი აზრით, დაუშვებელია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს საკითხი თქვენი მხრიდან კონტროლზეა აყვანილი და ამ მიმართულებით არავის პროვოცირების, სიტუაციის დაძაბვის და გაღრმავების შესაძლებლობებს არ მისცეთ”, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.
დეპუტატი ასევე დაინტერესდა, როგორია საზღვრის კვეთის სტატისტიკა როგორც რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით, ასევე, ქვეყნიდან გასვლასთან მიმართებით უკრაინაში მიმდინარე ომის პერიოდში.