მიხეილ სააკაშვილი: საქართველოს ტერიტორიაზე ომი არ იქნება, ეს მხოლოდ საქართველოს მტერს უნდა
საქართველოს ტერიტორიაზე ომი არ იქნება და არ უნდა იყოს არცერთ შემთხვევაში, ეს მხოლოდ საქართველოს მტერს უნდა, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, პატიმარმა მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისი თქმით, ერების ამოშლა რუსეთის იმპერიის სტილია.
“ჩვენ უნდა შევთავაზოთ აფხაზ და ოს ძმებს მშვიდობა და არა ომი, კეთილდღეობა და არა სიღარიბე და გაუსაძლისობა, რაც მათ აქვთ, დაცულობა და არა ძალადობა, მათი კულტურისა და ისტორიული მახსოვრობის ყველანაირად გაერთიანება და არა ერების ამოშლა. ერების ამოშლა რუსეთის იმპერიის სტილია. ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ, უახლოეს წლებში კი არა, უახლოეს თვეებში ჩვენ აუცილებლად დავიწყებთ სოხუმის და ცხინვალის რეინტეგრაციის პროცესს საქართველოს შემადგენლობაში. მე ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ”, – განაცხადა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართა.