რიმა ბერაძე – გომელაურს: რა დონეზეა კონტროლირებადი რუსების შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში და ეს ღონისძიებები, არის თუ არა საკმარისი რისკების პრევენციისთვის

პოლიციის განვითარებისა და ხელშეწყობის საქმეში რა კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს თქვენი უწყება, – ამ კითხვით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რიმა ბერაძემ შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მიმართა.

“ქართული ოცნების” დეპუტატმა მინისტრს რუსეთისა და ბელარუსიდან შემოსული მიგრანტების საკითხზეც გაამახვილა ყურადღება.

“ბოლო პერიოდში, გარკვეული ჯგუფების მხრიდან, ხშირად აქვს ადგილი პოლიციელთა შეურაცხყოფისა და მათი დისკრედიტაციის მცდელობას, რასაც ისინი გამოხატვის თავისუფლების მოტივებით ნიღბავენ.
პოლიცია არის სახელმწიფოს ფუნდამენტი, რომელიც ქვეყნის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას განაპირობებს.
ამდენად, თქვენს ინსტიტუტს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია და ის ადამიანები, რომლებიც თავის მოვალეობას პირნათლად ასრულებენ და ქვეყანაში იცავენ წესრიგსა და უსაფრთხოებას, მათი როლი უფრო მნიშვნელოვანი ხდება ამ დაძაბულ ვითარებაში და უნდა იყვნენ საზოგადოებისგან სათანადოდ დაფასებულნი.
ჩემი პირველი შეკითხვა ამ ინსტიტუტს შეეხება. მისი განვითარებისა და ხელშეწყობის საქმეში, რა კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს თქვენი უწყება?
და მეორე და ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება.
ვგულისხმობ, უკრაინაში რუსეთის ომის შედეგად დაწყებულ მიგრაციულ პროცესებს, რის შედეგადაც ჩვენს ქვეყანაში რუსეთიდან და ბელარუსიდან ადამიანები დროებით საცხოვრებლად ჩამოდიან.
რა დონეზეა კონტროლირებადი მათი შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში და ეს ღონისძიებები, არის თუ არა საკმარისი რისკების პრევენციისთვის?”, – მიმართა დეპუტატმა გომელაურს.

ამ წუთებში, დეპუტატები პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს უსმენენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები