მიხეილ სააკაშვილი: ეს არის მაისური, რომელიც გამომიგზავნა დემნა გვასალიამ, მე ამას მთელი ცხოვრება შევინახავ
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესზე ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას გამოგზავნილი მაისურით მივიდა.
სააკაშვილმა გვასალიას საჩუქრისთვის მადლობა საჯაროდ გადაუხადა.
“ეს არის მაისური, რომელიც საჩუქრად გამომგზავნა დემნა გვასალიამ. ყველაზე ნიჭიერმა და ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა მსოფლიოში. ეს არის ის კაცი, ვინც დაწერა – free misha, რის შემდეგაც დააბულინგეს მთელი მისი ნათესავები, ვინც ჰყავს საქართველოში. ის არის აფხაზეთიდან დევნილი და მინდა, დემნას შევუთვალო აქედან დიდი მადლობა ასეთი ძვირფასი საჩუქრისთვის. მე ამას მთელი ცხოვრება შევინახავ”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებული, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. ბინის მეპატრონეს, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა, საქართველოს პროკურატურამ ბრალი 3 ოქტომბერს წარუდგინა, შემდეგ კი ელგუჯა ცომაიას აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. 4 ოქტომბერს პოლიციამ, მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით კიდევ 2 პირი დააკავა. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოს სანაცვლოდ შეეცვალათ.