პაატა მანჯგალაძე: საზოგადოებაში არის ეჭვი, რუსეთის ზედმეტად ბევრი მოქალაქე ხომ არ შემოდის საქართველოში, ამ საკითხთან დაკავშირებით შს მინისტრის პოზიცია იქნება მნიშვნელოვანი
“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთ ლიდერს, პაატა მანჯგალაძეს შს მინისტრ ვახტანგ გომელაურთან, რომელსაც დღეს პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში მოუსმენენ, არაერთი კითხვა აქვს.
მისივე თქმით, საინტერესოა მინისტრის პასუხი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ შეიკრიბა არსებული საფრთხეების მიუხედავად უშიშროების საბჭოს სხდომა.
“საზოგადოებაში არის ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ზედმეტად ბევრი მოქალაქე ხომ არ შემოდის საქართველოში, ამ საკითხთან დაკავშირებით მინისტრის პოზიცია იქნება მნიშვნელოვანი. როგორია სტატისტიკა, რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის კუთხით და რა სახელმწიფო ფილტრი არსებობს იმისთვის, რომ ერთმანეთისგან განვასხვავოთ დევნილი, პროპაგანდისტი, ასე ვთქვათ, მტრული მიზნების მქონე ადამიანები. რით ახსნის იმას, რომ ამდენი ხნის მანძილზე, მომეტებული საფრთხეების მიუხედავად არ შეკრებილა უშიშროების საბჭოს სხდომა”, – განაცხადა მანჯგალაძემ.