ირაკლი პეტრიაშვილმა ბრიუსელში ევროპის სოციალისტური პარტიის თავმჯდომარესთან შეხვედრა გამართა

ირაკლი პეტრიაშვილმა ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. შეხვედრებზე მთავარი განსახილველი საკითხები უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, უკრაინასთან ერთად, საქართველოსა და მოლდოვასთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ გასატარებელი რეფორმები იყო. საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარემ ევროპის სოციალისტური პარტიის თავმჯდომარესთან, სერგეი სტანიშევთან შეხვედრა გამართა.

ევროპარლამენტში სოციალისტური პარტია 178 დეპუტატით არის წარმოდგენილი. შეხვედრაზე, ირაკლი პეტრიაშვილმა სერგეი სტანიშევთან უკრაინაში მიმდინარე მოვლენები განიხილა და, უკრაინასთან ერთად, საქართველოსა და მოლდოვასთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში მისგან თანადგომა ითხოვა. პეტრიაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ სწორედ ევროკავშირთან დაახლოებისა და მასში ინტეგრირების პერსპექტივა გახლავთ მასტიმულირებელი იმ ძირეული რეფორმებისა, რომელიც გამოიხატა შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, შრომის ინსპექციის შექმნით და შრომის ბაზრის ინსტიტუტების აღდგენით, რომელიც უბრალოდ არ არსებობდა.

ადამიანები ელემენტარული უსაფრთხოების ნორმების გარეშე იყვნენ დარჩენილნი, რაც უბედური შემთხვევებისა და გარდაცვალების შემთხვევების ციფრობრივ მაჩვენებელშიც აისახებოდა. შეხვედრაზე, პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ასევე აღნიშნა, რომ მხოლოდ უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გაზრდის იმედგაცრუებას დასავლეთის მიმართ, როგორც საზოგადოებაში, ისე პოლიტიკოსებში. ასევე, რუსეთის მიერ საქართველოში წარმოებული ჰიბრიდული ომის, მთავარ პოსტულატს, რომ „ევროპაში მაინც ვერ ინტეგრირდებით, ევროპას ფეხებზე ჰკიდიხართ“ – დაასტიმულირებს.

სერგეი სტანიშევმა გამოთქვა თანამშრომლობის მზაობა იმისთვის, რომ ევროკავშირისკენ მიმავალ საგზაო რუკაზე საქართველომ სწორი პოზიციონირება შეძლოს. ევროპის სოციალისტური პარტიის თავმჯდომარე ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ევროპარლამენტარებმა უკრაინასთან ერთად, საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირონ. ბატონმა სტანიშევმა გამოთქვა სრული მზაობა, რომ მჭიდროდ ითანამშრომლებენ პროფკავშირებთან ბრიუსელსა თუ თბილისში, ევროპარლამენტარების ოფიციალური თუ არაოფიციალური ვიზიტების დროს, რათა დაეხმარონ საქართველოს იმ რთული გზის ღირსეულად და სწრაფად გავლაში, რასაც ევროინტეგრაციის პროცესი გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები