ნიკოლოზ სამხარაძე სლოვაკეთის ელჩს შეხვდა
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, გიორგი ხელაშვილთან ერთად, საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, პაველ ვიზდალს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, რუსეთის მხრიდან უკრაინაში მიმდინარე აგრესია და ამ ომის შესაძლო პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური გავლენა საქართველოზე.
ქართულმა მხარემ ელჩისგან, უკრაინის მხარდასაჭერად, სლოვაკეთის ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ელჩს გააცნეს საკუთარი მოსაზრება მოვლენების შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით. დიპლომატს ასევე მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლების მიერ უკრაინისთვის დიპლომატიური, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის გაწევის შესახებ და საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთების კონტექსტი გააცნეს. ელჩის თქმით, სლოვაკეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს როგორც ნატო-ში, ასევე, ევროკავშირში ინტეგრაციას და ამას მომავალშიც გააგრძელებს.