ნიკოლოზ სამხარაძემ ხორვატ კოლეგასთან ონლაინ შეხვედრა გამართა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ხორვატიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, გარი კაპელისთან ონლაინ შეხვედრა გამართა.
პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შესახებ გაკეთებულ განაცხადზე ისაუბრეს. გარი კაპელის განცხადებით, ხორვატია მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. შეხვედრისას საქართველო-ხორვატიას შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს.
„სამთავრობო დონეზე კარგი პოლიტიკური ურთიერთობები გვაქვს და საჭიროა საპარლამენტო დონეზეც თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურება”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
მხარეებმა განიხილეს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხები, უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესია და მისი შესაძლო გავლენა საქართველოზე. საუბრის თემას წარმოადგენდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ვითარება.
„განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებასა და რუსეთის მხრიდან ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე, რომლის ერთ-ერთი გამოვლინება ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების რატიფიცირებაა”, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ნიკოლოზ სამხარაძემ ხორვატიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია. გარი კაპელის თქმით, მათი დელეგაცია საქართველოს, სავარაუდოდ, შემოდგომაზე ეწვევა.