გრიგოლ ვაშაძე: საქართველოს საგარეო პოლიტიკას ვერ წაუყენებ ვერცერთ პრეტენზიას
“სამართლიანობა მოითხოვს, აღვნიშნოთ, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკას ვერ წაუყენებ ვერცერთ პრეტენზიას”, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გრიგოლ ვაშაძემ “მთავარი არხის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
“გაერო-ში უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას საქართველო აძლევს ხმას.
რუსეთის გარიცხვას ევროსაბჭოდან აძლევს ხმას, რაც რუსეთისთვის საშინელებაა და კიდევ უფრო საშინელება, დიდი ბრიტანეთის ინიციატივას, სადაც 32 სახელმწიფო ითხოვს რუსეთის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას, საქართველოც აწერს ხელს. ამ ფონზე, შეერთებული შტატების ელჩი გამოდის და ამბობს, რომ ჩვენ, საქართველოს ხელისუფლებასთან მუდმივ კონტაქტში ვიმყოფებით სანქციების საკითხზე. იმის მაგივრად, რომ ეს ფორმულირება გაიმეორო, ამბობ იმას, რაც საერთოდ არაფერში არ წერია. ზოგიერთი გაუგებარი პიროვნება კი იძახის, ალბათ, რომ არ გავაღიზიანოთო. დიდი ბოდიში, რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში საქმის აღძვრასთან მიერთებას ან ევროსაბჭოდან გარიცხვას უფრო დიდი გაღიზიანება მოჰყვება რუსეთისთვის, ვიდრე იმას, რომ ვიღაც ქართველი ჩინოვნიკი კამერის წინ რაღაცას იტყვის? კოგნიტიური დისონანსია”, – განაცხადა ვაშაძემ გადაცემა “ღამის მთავარში” საუბრისას.