თამარ ტალიაშვილი: საქართველო ერთმნიშვნელოვნად რჩება ევროპაში სამართლიანობისა და გრძელვადიანი მშვიდობის მიზნის

ერთგული ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგანგებო სესიაზე საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრმა, თამარ ტალიაშვილმა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობა გამოხატა.

„ევროპის საბჭოს საქართველოს დელეგაცია, ჩვენს უკრაინელ კოლეგებსა და ზოგიერთ სხვა სახელმწიფოსთან ერთად, მკაფიოდ და ხმამაღლა ვაცხადებდით, რომ რუსეთი არ ამბობს უარს თავისუფალი ევროპის შთანთქმის მიზანზე. სამწუხაროდ, აგრესორმა შეძლო ურთიერთობის ძალისმიერი პოზიციიდან გაგრძელება”, – განაცხადა დელეგაციის წევრმა, თამარ ტალიაშვილმა.

მისი თქმით, ამ რთულ ვითარებაში საჭიროა ერთიანობა არა მხოლოდ ევროპის საბჭოს შიგნით, მისი მრავალრიცხოვანი ინსტიტუტების მეშვეობით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, მნიშვნელოვანია ყველა ევროპულ ინსტიტუტს შორის კოორდინირებული მოქმედება, ასევე, მეგობრებისა და მოკავშირეების შემოერთება და მათში ევროპის ლიდერობის მიმართ ნდობის გაძლიერება.

„ევროპაში თავისუფლების გადარჩენა დამოკიდებულია იმაზე, აღმოაჩნდება თუ არა ევროპას საკმარისი გამბედაობა, დახვდეს ამ გამოწვევას და აიღოს ლიდერობა. საქართველო კი ერთმნიშვნელოვნად რჩება ევროპაში სამართლიანობისა და გრძელვადიანი მშვიდობის მიზნის ერთგული”, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

მისი თქმით, ახლა დრო ფასდაუდებელია. ყოველ წუთს უდანაშაულო ბავშვები და უმწეო ადამიანები აგრესორის ტყვიებსა და ბომბებს ეწირებიან. თამარ ტალიაშვილმა მინისტრთა კომიტეტს, აღსრულებაში, საპარლამენტო ასამბლეის ერთიანობისა და სიძლიერის განწყობის დაუყოვნებლივ ასახვის მოთხოვნით მიმართა. საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ირაკლი ჩიქოვანის ხელმძღვანელობით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგანგებო სესიის მუშაობაში იღებს მონაწილეობას. დელეგაციის შემადგენლობაში, თამარ ტალიაშვილი და ხატია დეკანოიძე არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები