კახა კალაძე – ოპოზიციას: მეტროს ტენდერებზე ბევრი სიბინძურე მოვისმინეთ, როდესაც ასეთი სიცრუეა თქვენი დღის წესრიგი, არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ ნულები ხართ

ამდენი ტყუილის მოგონება, არ ვიცი – ეს ყველაფერი რას უკავშირდება. მაგათ ჰგონიათ, რომ ჩვენ წყალს ჩავიგუბებთ პირში და გავჩუმდებით. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ გამარჯვებულ კომპანიას, არანაირი კავშირი არ აქვს საბრძოლო იარაღის დამზადებასთან, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე მეტროს ტენდერთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს.

მისი თქმით, კომპანიას, რომელმაც გაიმარჯვა გამოცხადებულ ტენდერში, პროდუქცია მიწოდებული აქვს სოფიასთვის, ბუდაპეშტისა და სერბეთისთვის.

ამასთან, კალაძის განცხადებით, ტენდერი ჯერ კიდევ 2020 წლის თებერვალში იყო გამოცხადებული, თუმცა ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს ეს თემა პირდაპირ ომსა სანქციებს დაუკავშიროს.

“თბილისის მერიამ სრულად იხელმძღვანელა EBRD-ის მიერ დამტკიცებული შესყიდვის პროცედურით და დაბალი ფასის პრინციპიდან გამომდინარე ტენდერი გაიმარჯვა რუსულმა კომპანიამ. მინდა ხაზი გავუსვა რამდენიმე საკითხს. ტენდერი გამოცხადებული იყო 2020 წლის თებერვალში. საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურა აქვს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს და რამდენიმე ეტაპია და ჩვენს მოგვიწია ამ ეტაპების გავლა. 2021 წლის ნოემბერში გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია. ამ ყველაფერს პირდაპირ უკავშირებენ ომს და სანქციებს, მოვისმინეთ რამდენი სიბინძურე და არასწორი განცხადება ე.წ. პოლიტიკოსების მხრიდან. ყველა კარგად ხედავს ამ ქვეყანაში, რომ სამწუხაროდ, მათი დღის წესრიგი დაფუძნებულია სიცრუეზე, რაღაც თემების გამოგონებაზე, სიყალბეზე. როცა ასეთი სიცრუეა მათი დღის წესრიგი, მერე არ უნდა გაგიკვირდეთ ჩემო კარგებო, რომ ნულები ხართ. თუ ასე გააგრძელებთ, კიდევ უფრო ქვემოთ ჩახვალთ და კიდევ უფრო გაფარჩაკდებით. შესაბამისად, გონს მოეგეთ და გააკეთეთ ისეთი განცხადებები, რომელიც არის რეალური და ნამდვილი“, – განაცხადა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები