საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა უკრაინაში ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებთან შეხვედრა გამართეს
საგარეო საქმეთა სამინისტროში, ონლაინ ფორმატში გაიმართა შეხვედრა უკრაინაში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი, კავკასიისა და დიასპორის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი და ქ. ოდესაში საქართველოს გენერალური კონსული თორნიკე ბერეკაშვილი.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს საომარი მოქმედებების ფონზე უკრაინაში არსებული ვითარებისა და საქართველოს მიერ გაწეული დახმარების შესახებ, როგორც უკრაინის სახელმწიფოს, ასევე უკრაინაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიმართ. სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა დეტალურად მოისმინეს უკრაინის სხვადასხვა ქალაქსა და მოსაზღვრე სახელმწიფოებში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობისა და მათი საჭიროებების შესახებ.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც გააგრძელებენ თანამშრომლობას და იმოქმედებენ კოორდინირებულად. გარდა ამისა, აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში კიდევ გაიმართება შეხვედრები დიასპორის წარმომადგენლებთან უკრაინის მოსაზღვრე იმ ქვეყნებში, სადაც მოხდა მათი დიდი რაოდენობით კონცენტრირება.
„დღევანდელი შეხვედრა რა თქმა უნდა იმედის მომცემი იყო. განწყობა უფრო მაღლდება, მშვიდდები და თავს უფრო დაცულად გრძნობ, როდესაც ხვდები, რომ ქვეყანა შენ გვერდით დგას. მიუხედავად იმისა, რომ მოწყვეტილი ვართ საქართველოს, ეს არის უდიდესი თანადგომა. დახმარებას ბუნებრივია ვიღებთ. მე ხშირი სატელეფონო კომუნიკაცია მაქვს გენერალურ კონსულთან და ვიცი, რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს. დიასპორის სხვა წარმომადგენელებსაც ვაწვდით ინფორმაციას. არიან ადამიანები, რომლებიც საჭიროებენ დახმარებას, როგორც მედიკამენტოზური და პროდუქტების, ისე ფინანსური. საკონსულოს აქვს შექმნილი სპეციალური ჯგუფი და ამ ჯგუფის საშუალებით ისინი იღებენ ამ დახმარებას,“ – აღნიშნა, ქართული საკვირაო სკოლა „ანა-ბანა“-ს ხელმძღვანელმა, მეგი ლაშხიამ.
„მინდა გამოვხატო მადლიერება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ ჩემი და ჩემ გარშემო მყოფი ადამიანების სახელით, გვერდში დგომისა და დახმარების გაწევისთვის. სიტუაცია ნამდვილად დაძაბულია მორალურად, ფსიქოლოგიურად, მატერიალურად. ჩვენი დიასპორის ბევრი წარმომადგენელი დარჩა სამსახურისა და დანაზოგის გარეშე და აღმოჩნდნენ მძიმე მდგომარეობაში. საქართველოს მოქალაქეებისთვის შედარებით კარგი პირობებია შექმნილი, ვინაიდან გვაქვს გენერალური საკონსულო. არის ძლიერი დიასპორა და ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ნაკლებად მტკივნეულად გადაიტანონ ეს ყველაფერი,“ – აღნიშნა ქართული ეროვნულ-კულტურული საზოგადოება “საქართველო”-ს ხელმძღვანელმა, აკაკი იაკობიშვილმა.