ცესკო: 2021 წლის წარმატებული პრაქტიკის გათვალისწინებით, წელს შუალედურ არჩევნებზე ასევე განხორციელდება ხმის დათვლის ვიდეოგადაღება

2021 წლის წარმატებული პრაქტიკის გათვალისწინებით, წელს შუალედურ არჩევნებზე ასევე განხორციელდება ხმის დათვლის ვიდეოგადაღება, რისთვისაც საარჩევნო ადმინისტრაცია აქტიურად ემზადება, დაიწყო ტრენერთა ტრენინგები ვიდეოგადაღებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

როგორც ერთ-ერთმა ტრენერმა, ცესკო-ს წევრმა, ივანე ნორაკიძემ აღნიშნა, არსებითად მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობისთვის ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება და მისი უხარვეზოდ წარმართვა.

ცესკო-ს წევრმა, ივანე ნორაკიძემ და საინფორმაციო სისტემების მართვის განყოფილების უფროსმა, როსტომ გაჩეჩილაძემ დღეს იმ ტრენერებს ჩაუტარეს ვიდეოგადაღების ინსტრუქცია, რომელთაც, თავის მხრივ, საუბნო საარჩევნო კომისიის შესაბამის წარმომადგენლებს ვიდეო გადაღებასთან დაკავშირებით ტრენინგი უნდა ჩაუტარონ; დღევანდელი სწავლების მონაწილეებმა დეტალური ინსტრუქცია გაიარეს, ისაუბრეს გასულ არჩევნებზე ვიდეოფიქსაციის პროცესში გამოვლენილ ხარვეზებზე და მსგავსი შემთხვევების პრევენციის გზებზე.

ბათუმის, რუსთავის და გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლები, რომლებიც დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ, უახლოეს მომავალში ვიდეოფიქსაციასთან დაკავშირებით საუბნო საარჩევნო კომისიების იმ წარმომადგენლებს ჩაუტარებენ სწავლებას, რომლებიც 2 აპრილის არჩევნებზე ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღებას უშუალოდ საუბნო საარჩევნო კომისიებში განახორციელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები