ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი
დღეს ცესკოს წევრებმა ხელი მოვაწერეთ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსს. ამ ეთიკის კოდექსით საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები ვაღიარებთ და ვიღებთ ვალდებულებას ვიყოთ ეთიკურები და ნეიტრალურები. ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის რომ შუალედური არჩევნები შეესაბამებოდეს იმ სტანდარტებს, რაც აუცილებელია დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად, – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ ხელის მოწერის ცერემონიალის შემდეგ.
მისივე თქმით, უკვე რამდენიმე წელია ეთიკის კოდექსი ტრადიციად იქცა ყოველი არჩევნების წინ, რაც არის ძალიან სწორი და მნიშვნელოვანი საფეხური საარჩევნო პროცესებში.
ეთიკის კოდექსს დღეს, ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა მოაწერეს ხელი. დოკუმენტზე ხელისმოწერით კომისიების წევრები თანხმდებიან, რომ იმოქმედებენ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დაიცავენ პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს, საკუთარი ფუნქციების შესრულებისას იქნებიან კეთილსინდისიერები, დამოუკიდებლები, მიუკერძოებლები და ობიექტურები. იმოქმედებენ ღიად და გამჭვირვალედ. შეგახსენებთ, რომ 2 აპრილს საქართველოს პარლამენტისა (რუსთავსა და გარდაბანში) და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება.