„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ შესატანი ცვლილებათა პროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი მეორე მოსმენით განიხილეს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ შესატანი ცვლილებათა პროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა განმარტა, რომ კანონპროექტის მიღების შედეგად, სისტემაში ჩამოყალიბდება ინსტიტუციური მოწყობისა და მმართველობის იმგვარი მოდელი, რომელიც მნიშვნელოვნად გაამარტივებს, გააუმჯობესებს, უფრო ეფექტიანს და ეკონომიურს გახდის კოდექსით გათვალისწინებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების სფეროში გადაწყვეტილებების მიღების პროცესს.

რაც შეეხება მეორე მოსმენისთვის განხორციელებულ ცვლილებას, მისი თქმით, „არსებული რედაქციით სკოპინგის დასკვნის მიღების შემდგომ ინვესტორმა ორი წლის ვადაში უნდა აიღოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების საბოლოო ნებართვა. სტატისტიკამ აჩვენა, რომ 200 სკოპინგის დასკვნიდან 30% ძალადაკარგულად გამოცხადდა, რადგან საქმიანობის განმახორციელებლებმა ორწლიან ვადაში ფიზიკურად ვერ მოასწრეს საბოლოო ნებართვის აღება. აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ვადა უნდა გაიზარდოს 2 წლის ნაცვლად 3 წლამდე, იმისთვის რომ სრულყოფილად შეძლონ მათ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის მომზადება“- აღნიშნა მომხსენებელმა.

შესაბამისი ცვლილება აისახება გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტში. კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილულ საკანონმდებლო ცვლილებას. კომიტეტმა დღეს ასევე მეორე მოსმენით განიხილა პარლამენტის წევრების, მაია ბითაძისა და ხატია წილოსანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების შესახებ.

მაია ბითაძის განცხადებით, ტექნიკური ხასიათის ცვლილება შედის კანონის 24-ე მუხლში, სადაც არასწორად არის მითითებული მთავრობის დადგენილების სათაური – „დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისა და ამ ქონებით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის წესის განსაზღვრის თაობაზე“. სათაურიდან ამოღებულ უნდა იყოს სიტყვები – „ამ ქონებით“ და დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი ფორმით:

„დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისა და სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის წესის განსაზღვრის თაობაზე“. კანონპროექტი სწორედ ამ ხარვეზის გასწორებას ისახავს მიზნად, რადგან თავისი შინაარსით სპეციალური სარგებლობა არის ტყის ფონდით სარგებლობა და კავშირი არ აქვს სიტყვა „ქონებასთან“, ამასთან, კანონპროექტით, ზემოაღნიშნული დადგენილების მიღების ვადად 2022 წლის პირველი მარტის ნაცვლად განისაზღვრება 2022 წლის პირველი მაისი“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელსაც პარლამენტი მეორე მოსმენით ხვალ პლენარულ სხდომაზე განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები