ნიკოლოზ სამხარაძე იტალიის ელჩს შეხვდა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ენრიკო ვალვოს შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, საუბრის მთავარ თემას წარმოადგენდა უკრაინაში მიმდინარე ომი და მისი გავლენა საქართველოს უსაფრთხოებასა და სოციალ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
მათივე ცნობით, შეხვედრაში ასევე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი მონაწილეობდა.
“საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლებმა ელჩს გააცნეს საკუთარი ხედვები იმასთან დაკავშირებით, თუ რა საფრთხეები შეიძლება დაემუქროს საქართველოს, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური მიმართულებით მოვლენების სხვადასხვა სცენარით განვითარების შემთხვევაში.
ენრიკო ვალვომ დეპუტატებს სანქციების და რუსეთის შეკავების მიმართულებით იტალიის ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
მხარეებმა შეხვედრისას, ევროკავშირში საქართველოს მიერ გაკეთებული განაცხადის შესახებ ისაუბრეს. როგორც აღინიშნა, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სწრაფი შესრულება დადებით გავლენას მოახდენს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, ევროკომისიის რეკომენდაციაზე”, – ნათქვამია ინფორმაციაში.