საგარეო უწყება: ოკუპანტ ქვეყანასა და მის მიერვე შექმნილ მარიონეტულ რეჟიმებს შორის ნებისმიერი შეთანხმება იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია

საერთაშორისო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ოკუპანტ ქვეყანასა და მის მიერვე შექმნილ მარიონეტულ რეჟიმებს შორის დადებული ნებისმიერი შეთანხმება იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია, – ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარი ნარჩემაშვილი პუტინის მიერ დუმისთვის წარდგენილ კანონპროექტს, რომელიც დე ფაქტო ცხინვალთან ორმაგ მოქალაქეობაზე დადებული ე.წ. შეთანხმების რატიფიცირებას ეხება.

„რუსეთის ფედერაცია, საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეში დარღვევით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის იძულებით პასპორტიზაციას ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისიდან იყენებს, როგორც საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ არალეგიტიმურ ნაბიჯს და ჰიბრიდულ ინსტრუმენტს. საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ერთიანია რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების უკანონო პასპორტიზაციის დაგმობასა და ზოგადად ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების მიმართ“, – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარი ნარჩემაშვილი.

ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის დუმას ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ კანონპროექტი წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, ერთი მხარის მოქალაქეებს უფლება აქვთ, საკუთარ მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე მიიღონ მეორე მხარის მოქალაქეობა. ხელშეკრულებას 2021 წლის 20 სექტემბერს მოეწერა ხელი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები