ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენ ვხედავთ, რომ ამ შემთხვევაში პრეზიდენტის ქმედებები სცილდება მისი უფლებამოსილების კონსტიტუციურ ჩარჩოს
ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ პრეზიდენტის მიერ ევროპაში განხორციელებულ ვიზიტებზე ისაუბრა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, რომ საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე პრეზიდენტის მიერ კონკრეტული პოლიტიკური გზავნილების გაჟღერება მთავრობასთან კონსულტაციების გარეშე ეფექტიანი არ იქნება.
„თითქოს და კეთილი მიზანია, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში პრეზიდენტის წონა იყოს გამოყენებული. რა თქმა უნდა, ერთი შეხედვით, ეს კარგი და სწორია. მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ ამ შემთხვევაში პრეზიდენტის ქმედებები სცილდება მისი უფლებამოსილების კონსტიტუციურ ჩარჩოს. თუ ეს საკითხი კონსტიტუციური უფლებამოსილების ჩარჩოში დაბრუნდება და წინასწარ იქნება მიღებული თანხმობა მთავრობისგან, ეს იქნება ეფექტური იმიტომ, რომ მთავრობის გარეშე რა პოლიტიკურ გზავნილსა და გადაწყვეტილებას აჟღერებს პრეზიდენტი ნებისმიერი საერთაშორისო ვიზიტის დროს? ის კანონით არ არის უფლებამოსილი, თუ წინასწარ მთავრობისგან არ აქვს ამაზე თანხმობა მიღებული“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.