ალექსანდრე რაქვიაშვილი – საპარლამენტო უმრავლესობას: თქვენივე განცხადებებში საწინააღმდეგო რაღაცებს ამბობთ რამდენიმე საათის ინტერვალით
„გასაგებია, რომ არავის სჯერა, რომ მთავრობამ რაღაც აუკრძალა პრეზიდენტს და თქვენ არ იცოდით, მაგრამ მაინც, იმავე დღეს ამბობთ, რომ ჩვენ არ ვისაუბრეთ ამაზე იმიტომ, რომ გინდოდათ პრეზიდენტის დაცვა. თქვენ ამბობთ, რომ მნიშვნელოვანი კონსტიტუციის დაცვა და ამავე დროს ორი კვირაა, იცით, რომ კონსტიტუცია დარღვეულია და ჩუმად იყავით იმიტომ, რომ პრეზიდენტს იცავდით? ანუ კონსტიტუცია უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე პრეზიდენტის ინსტიტუცია? თქვენივე განცხადებებში საწინააღმდეგო რაღაცებს აკეთებთ ამბობთ საათის ინტერვალით”, – ასე მიმართა პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის” წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობას.
მისი თქმით, თუ საუბარია ინსტიტუციების მიმართ პატივისცემაზე, მაშინ ასეთ ქმედებებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს.
„როცა ამბობთ, რომ პრეზიდენტის მთავარსარდლობა სიმბოლურია და მერე ერთ საათში აკეთებთ განცხადებას, რომ, ფაქტობრივად, პრეზიდენტის, მთავარსარდლის იმედით ხართ, რომ ის ამ რთულ მომენტში საქართველოში უნდა იყოს და გეშინიათ მისი საზღვარგარეთ გაშვება, ეს როგორ არის თავსებადი? ნუთუ ასე შეიძლება, პატივისცემა მოვიპოვოთ პარლამენტის მიმართ, მთავრობის მიმართ? ეს ხომ არაფერ შუაშია პატივისცემასთან. ამიტომ, თუ მართლა გვინდა, პატივისცემაზე ვილაპარაკოთ, მაშინ ეს ქმედებები უნდა გამოვასწოროთ. ასე არ უნდა მოვიქცეთ, თორემ სხვა შემთხვევაში ფორმალისტური არგუმენტები, რეგლამენტზე აპელირება სასაცილო იქნება და არავინ პატივისცემით არ მოეპყრობა არც პარლამენტს და არც იმ ადამიანს, რომელიც ასე იქცევა”, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.