მიხეილ დაუშვილი: დღეს შესაძლებლობა გვაქვს, გავხდეთ ევროკავშირის წევრი

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, დღეს საქართველოს შესაძლებლობა გაუჩნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით სხდომათა დარბაზში ვერანაირი კონკრეტული გეგმა ან მექანიზმი ვერ მოისმინა.

„დღეს უკვე მე-20 დღეა მიმდინარეობს რუსეთის სამხედრო აგრესია და შეიარაღებული მოქმედებები უკრაინის წინააღმდეგ. იქამდე თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა პირდაპირი მუქარა, ზეწოლა და კრიზისი. ამ დროს ჩვენი ძირითადი მიზნები და ამოცანები რა უნდა იყოს? პირველი ამოცანა უნდა იყოს უკრაინის სათანადო მხარდაჭერა, იმიტომ რომ უკრაინის ბრძოლა არ არის მხოლოდ უკრაინის ბრძოლა.

ის რეალურად ჩვენი ბრძოლაც არის, რადგან უკრაინელები მხოლოდ საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და სუვერენიტეტისთვის არ იბრძვიან. ისინი მთლიანად ევროპისთვის და მათ შორის, ჩვენთვისაც იბრძვიან და მათ საბოლოო გამარჯვებაზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, თუ როგორი იქნება ჩვენი ხვალინდელი დღე. შესაბამისად, ჩვენ ამ დროს რაზე უნდა ვფიქრობდეთ? ეს უნდა იყოს უსაფრთხოება და ევროინტეგრაცია.

სამწუხაროდ, ეს ხდება უკრაინელების დაღვრილი სისხლის და მათი გარდაცვლილი მოქალაქეების ხარჯზე, თუმცა მოცემულობა არის, რომ დღეს გაიხსნა, შესაძლებლობა გაჩნდა ჩვენ, უკრაინა და მოლდოვა გავხდეთ ევროკავშირის წევრი. ეს შესაძლებლობა არსებობს დღეს და შეიძლება გავიდეს ათწლეულები და ასეთი შესაძლებლობა აღარ მოგვეცეს. და ამ დროს ჩნდება კითხვა – თუ რას აპირებთ, როგორ აპირებთ? გაქვთ თუ არა კონკრეტული ჩამოყალიბებული გეგმა, ნაბიჯები თუ მექანიზმები? დღეს ამ დარბაზში ელემენტარულიც კი ვერაფერი მოვისმინეთ. მოვისმინეთ ბევრი სიძულვილი, ბევრი ლანძღვა-გინება, მაგრამ ვერაფერი კონკრეტული საქმესთან დაკავშირებით, სამწუხაროდ ვერ მოვისმინეთ”, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები