გიორგი ცაგარეიშვილი: ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა არასრული 10 წლის მანძილზე, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად დაახლოებოდა ევროპას
„5 წელია, საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლის უფლება არ მქონია. თუ გადავხედავთ ,,ნაციონალურ მოძრაობის,, და ოპოზიციური პარტიების რიტორიკას, გახმოვანებულს მათი მხრიდან დღეს დარბაზში, მინდა გითხრათ, რომ არც არაფერი არ შეცვლილა. ეს ადამიანები იქ არიან, სადაც მე ისინი დავტოვე 2016 წელს და სამწუხაროა, რომ ერთი ნაბიჯითაც ვერ განვითარდნენ. ისევ არიან ჩარჩენილი იმ ბოღმაში, შურში, ბოროტებაში სადაც იყვნენ, სადაც მიიყვანა ნაციონალური მოძრაობა და მასზე მიკედლებული უამრავი წვრილ-წვრილი ოპოზიციური პარტია მიხეილ სააკაშვილმა. აბრალებენ ამჟამინდელ ხელისუფლებას ყველაფერ იმას, რასაც თვითონ აკეთებდნენ ან რაც ჰქონდათ ჩაფიქრებული და ვერ დასცალდათ”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” დეპუტატმა, გიორგი ცაგარეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება, ერთობლივი შრომით, ცდილობს საქართველოს ევროპასთან დაახლოებას.
„ადამიანები ამჟამინდელ ხელისუფლებას გვაბრალებენ, რომ ევროინტეგრაციას არ ვახორციელებთ იმ ტემპით რაც არის საჭირო ქვეყნის გადარჩენისთვის. ამას აძახებენ იმ ხელისუფლებას, რომელმაც ყველაფერი გააკეთა არასრული 10 წლის მანძილზე, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად დაახლოებოდა ევროპას. გაგახსენებთ ვიზა ლიბერალიზაციას, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ასოცირების შეთანხმებას. უამრავ იმ სიკეთეს, რაც ჩვენ ამ ქვეყნისთვის მოვიტანეთ ჩვენი თავდაუზოგავი შრომით. არა პოლიტიკური ინტრიგების ხლართვით, არამედ მუხლჩაუხრელი მუშაობით. მთელი აღმასრულებელი ხელისუფლების, იმ საჯარო მოხელეების, რომლებსაც დღე და რამე გასწორებული აქვთ იმისთვის, რომ როგორმე ქვეყანა სამშვიდობოს გაიყვანონ, თქვენგან განსხვავებით”, – აღნიშნა გიორგი ცაგარეიშვილმა.
დეპუტატი საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტში გამოსვლასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისთვის გულდასაწყვეტი იყო პრეზიდენტის მიერ “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის’ ერთ სიბრტყეში მოხსენიება. „მე მახსოვს სალომე ზურაბიშვილი 2007 წლის 7 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე, ქოლგით ხელში როგორ იგერიებდა მანიაკებს, არაკაცებს და კაცის მკვლელებს გამოგზავნილს მერაბიშვილის და სააკაშვილის მიერ. მე მინდა მას ვუსურვო, იმ გადმოსახედიდან შეხედოს დღევანდელობას. შეხედოს დღევანდელ ოპონენტებს, ეს ადამიანები არ შეცვლილან. მათ სძინავთ და ფიქრობენ როგორმე დაამხონ ქვეყანა, როგორმე მოიპოვონ ძალაუფლება ყველა მანქანის და მექანიზმის გამოყენებით. ქალბატონო სალომე, მე მინდა თქვენ პირველ რიგში იყოთ ფხიზლად. დამწყდა გული როდესაც ამ მაღალი ტრიბუნიდან, თქვენ, ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა ერთ სიბრტყეში დააყენეთ. ეს არის გულდასაწყვეტი. ეს იყო ცუდი მოსასმენად და აღსაქმელად”, – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.