ირაკლი ქადაგიშვილი – „ჩვენი კონსტიტუციის ფარგლებში, მყარად უნდა ვიაროთ იმ გზაზე, რასაც ევროპისკენ მიმავალი გზა ჰქვია”

„ყველა ვამბობთ, რომ ჩვენი მიზანი არის ევროკავშირის გზაზე განუხრელი სიარული. ყველა ვამბობთ, რომ ის, რაც უკრაინაში ხდება დღეს, არის აგრესია უკრაინელი ხალხის მართლაც, გმირული ბრძოლა და უკრაინის ძალიან დიდი ტრაგედია. ვიცით, რომ იქ არა მარტო უკრაინის და საქართველოს არამედ, მთელი ცივილიზებული კაცობრიობის ბედი წყდება. ეს მთელმა მსოფლიომ იცის, მაგრამ არავინ ცდილობს ამ ყველაფრით მხოლოდ და მხოლოდ თავისი ქვეყანა დააზიანოს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის ზრახვა, რომ მეორე ფრონტი გახსნას საქართველოში, რაც მისი პერმანენტული ოცნებაა საქართველოსთან დაკავშირებით, დააზიანებს ჩვენს ქვეყანას, უკრაინას კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს და მსოფლიო წესრიგის დანგრევის კიდევ ერთი ახალი საშუალება იქნება. „ყველა ნორმალური ხელისუფალის მიზანი არის ის, რომ რუსეთის ეს ზრახვა მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით არ გახდეს რეალობა. ის საერთაშორისო დღის წესრიგი, რომელსაც იგი დღეს ცდილობს, რომ მთელი მსოფლიო შექმნას ამ აგრესიის შეჩერებისა, ამ დღის წესრიგის თანამონაწილენი ვართ ჩვენ და ამ დღის წესრიგს გავყვეთ. ამის გაგება არ არის რთული, მაგრამ რა ვუყოთ იმას, რომ ადამიანებს არ ასვენებს ეს მოუნელებელი და მოუნანიებელი ცოდვა, რაც ხელისუფლების ყოფნის დროს ჩაიდინეს და ის ხიბლი, რომელიც გამოჰყვათ იქიდან და დაუოკებელი წყურვილი რამენაირად ნებისმიერ ფასად, იმ უკრაინელი ხალხის გაჭირვების და მათი გმირული ბრძოლის ფასად, აქ ეს ქულები დაიწერონ. იქნებ რამენაირად ჩამოაქციონ ეს სახელმწიფო ინსტიტუტები და მერე ამ უბედურებაზე თავისი კალო მომკან. ამას ხალხი ხედავს და მიუხედავად თქვენი პათეტიკისა და ჩვენი გონივრული ნაბიჯისა, ხალხი კარგად არჩევს სად არის კაცობა, ვაჟკაცობა, საქმის მიმართ ერთგულება”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, როდესაც მმართველი გუნდი ამბობს, რომ ამ ქვეყანაში ყველა პროცესი კონსტიტუციის ფარგლებში უნდა მიმდინარეობდეს ესეც სწორედ იქითკენ გადადგმული ნაბიჯია, რომ ამ ქვეყანაში ქაოსი არ იყოს და ყველა პოლიტიკური პროცესი კონსტიტუციის ფარგლებში წარიმართოს. „ჩვენი დამოკიდებულებაც სწორედ ეს არის – რომ ყველა პოლიტიკური პროცესი უნდა იყოს კონსტიტუციის ფარგლებში. პრეზიდენტის მხრიდან იქნება, მთავრობის, პარლამენტის თუ ოპოზიციის მხრიდან.

იმპროვიზირებული, კონსტიტუციიდან გასული გეგმების და ინსტიტუციების შექმნა იმისდა მიხედვით, ოპოზიციას ან პოზიციას დღეს ან ხვალ რა განწყობა და გამოწვევები იქნება, არ მიიყვანს ქვეყანას სიკეთისკენ. ჩვენ მყარად უნდა ვიაროთ ჩვენი კონსტიტუციის ფარგლებში იმ გზაზე, რასაც ევროპისკენ მიმავალი გზა ჰქვია. თუ ამ საკითხში გაერთიანდებით, თუ მიხვდებით, რომ სახელმწიფო ინსტიტუციების ჩამოშლით, რუსული აგრესიის განხორციელებით დასავლეთის პოლიტიკას ვერ განვახორციელებთ, მაშინ მართლა გადმოდით დემოკრატიულ ევროპულ გზაზე და იყავით ოპონირებაში, დაელოდეთ არჩევნებს, იქ მიიღეთ ხალხისგან მანდატი და მართეთ სახელმწიფო იმ მანდატის შესაბამისად. დღეს ჩვენ ამას ვახორციელებთ და ბოლომდე მივიყვანთ”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები