გიორგი ხელაშვილი: ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები უფრო მეტად უფრთხილდებიან ჩვენი ქვეყნის მომავალს, ვიდრე – ქართული ოპოზიციის დიდი ნაწილი
„მთელ მსოფლიოში დღეს არ მოიძებნება სხვა ქვეყანა, რომელიც თავისი არჩევანის გამო ისეთი საფრთხის წინაშეა, როგორც საქართველო და მაინც, ასეთი დიდი საფრთხის მიუხედავად, საქართველომ, საქართველოს მთავრობამ პრინციპებიდან არცერთი ნაბიჯით არ დაიხია უკან და უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას პოლიტიკურად და ადამიანურად”, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საგარეო ურთიერთობაზე კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა.
მისი თქმით, უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერას კარგად ხედავენ ჩვენი დასავლელი მეგობრები, რასაც კარგად ასახავს მათი განცხადებები.
„ამერიკის კონგრესის ჰელსინკის კომისიამ განსაკუთრებულად აღნიშნა საქართველოს მთავრობის წვლილი უკრაინის დახმარებაში და მეტიც, ამერიკის პრეზიდენტს მიმართა მოთხოვნით საქართველოსთან სამხედრო ალიანსი შეკრას. საქართველოს ხელისუფლების აქტიური პოზიციის მხარდამჭერი განცხადებები მოვისმინეთ ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის და სხვა სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან. მათ განცხადებებში ჩანდა, რომ საქართველოს მთავრობა „მკაფიოდ და აუცილებელი სიფრთხილით მოქმედებს, რომ საქართველოს პოზიცია ძალიან ნათელია და საქართველო ძალიან მტკიცეა აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო საზოგადოების ერთიანი პასუხის მხარდაჭერაში, რომ მიესალმებიან საქართველოს მხრიდან სულ უფრო ძლიერ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, განსაკუთრებით, რუსეთის მხრიდან საფრთხეებისა და ოკუპაციის გათვალისწინებით”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
გიორგი ხელაშვილმა აღნიშნა, რომ ამ საერთაშორისო მხარდაჭერის ფონზე მაინც ისმის სპეკულაციური განცხადებები, რომ საქართველოს მთავრობა რაიმე ფორმით ემიჯნება უკრაინას და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას. „სირცხვილია, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები უფრო კარგად ხედავენ და აფასებენ საქართველოს პოზიციას, უფრო მეტად უფრთხილდებიან ჩვენი ქვეყნის მომავალს, ვიდრე ქართული ოპოზიციის დიდი ნაწილი”, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.