ეკა სეფაშვილი: უსაფრთხოების და ეკონომიკის თვალსაზრისით რეგიონში მიმდინარე მოვლენები ჩვენს ეკონომიკაზეც მოახდენს გავლენას, ვეცადოთ, რომ ეს ნეგატიური გავლენა რაც შეიძლება მინიმალური იყოს და ვიფიქროთ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე
„აქ რამდენჯერმე გაისმა მოწოდებები სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე, ინფლაციაზე და ასე შემდეგ. ეს ჩვენც ძალიან კარგად ვიცით და ჩვენც ვაცნობიერებთ ამ პრობლემებს. თუ მართლა ასე ძალიან სწუხართ და რეალურად ცდილობთ ამ პრობლემების გადაჭრას. მაშინ რა არის თქვენი გაუთავებელი მოხოვნა ეკონომიკური სანქციებზე მიერთების შესახებ?”, – ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების” დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის წევრებს.
მისი თქმით, რეგიონში მიმდინარე პროცესები გავლენას მოახდენს საქართველოს ეკონომიკაზე და მნიშვნელოვანია რომ ეს გავლენა მინიმალური იყოს.
„სანქცია ნიშნავს იმას, რომ ვის მიმართაც არის სანქცია დაწესებული, იმ სუბიექტს შეუქმნას დისკომფორტი. დისკომფორტის შედეგად, ისეთი რაღაცის გაკეთება აიძულოს, რომელსაც წინააღმდეგ შემთხვევაში ის არასოდეს არ გააკეთებდა. დაფიქრდით, რა დისკომფორტის მინიჭება შეუძლია საქართველოს ეკონომიკური სანქციებით? მაშინ როდესაც თუ რუსული ბაზრებიდან გაქრება ჩვენი კერძო ბიზნესის მიერ წარმოებული ღვინო იქნება თუ სოფლის მეურნეობის პროდუქტები, შეიძლება რუსმა მომხმარებელმა ვერც შენიშნოს, რომ დახლებიდან ეს პროდუქცია საერთოდ გაქრა. ხოლო, საქართველოს მოსახლეობა ძალიან ადვილად და იოლად იგრძნობს, როდესაც პური არ შემოვა, ხორბალი არ შემოვა, წიწიბურა, მაკარონი, მარგარინი, მზესუმზირის ზეთი არ შემოვა და ეს პირდაპირ აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე და მერე დაიწყეთ ინფლაციაზე და ლარის გაუფასურებაზე საუბარი.
როდესაც ჩვენი მეწარმის მიერ წარმოებული საქონელი არ გაიყიდება საერთაშორისო ბაზრებზე ეს დააკლდება არა მარტო იმ ადამიანებს, ვინც რეალურად ამ პროდუქტის წარმოებაში არიან ჩართული, არამედ მულტიპლიკატორის ეფექტით მთელს ეკონომიკას გადაეცემა. გავითვალისწინოთ ის, რომ რეგიონში მიმდინარეობს უსაშინლესი მოვლენები უსაფრთხოების და ეკონომიკის თვალსაზრისით და ეს ასე თუ ისე, მაინც მოახდენს გავლენას ჩვენს ეკონომიკაზე და მოდით, ვეცადოთ, რომ ეს ნეგატიური გავლენა რაც შეიძლება მინიმალური იყოს და ვიფიქროთ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე”, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.