მაია ბითაძე – „ნაციონალურ მოძრაობას”: ბევრჯერ მითქვამს – ნუ გვატყუებთ და ნუ გვაყენებთ შეურაცხყოფას

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ხაბეიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას უპასუხა და ოპოზიციონერ კოლეგას ტყუილების თქმისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა.

„ბატონო ლევან, შეგახსენებთ, რომ სისტემები ლოზუნგებით არ მუშაობს და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი თვითონ ატარებს ტენდერებს და კახა კალაძე არ ატარებს ტენდერებს. გაერკვიეთ, ბატონო ლევან, ზოგადად, როგორ მუშაობს სახელმწიფო, როგორ მუშაობს სისტემები და გაერკვიეთ იმაში, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ არის გამარჯვებული ის კომპანია, რომლისთვისაც თანხის გადახდა ახლა შეიზღუდა.

ბევრჯერ მითქვამს – ნუ გვატყუებთ და ნუ გვაყენებთ შეურაცხყოფას და არ მივიღებ შეურაცხყოფას, მათ შორის, იმ პარტიის წარმომადგენლებისგან, რომლებიც დღე და ღამე ცდილობენ, მოგვნათლონ, როგორც პრორუსული ძალა. მოდით, თვალებში შეგვხედეთ და გვითხარით, ვინ ვართ პრორუსულები? რომელ თქვენგანს გაუკეთებია უფრო მეტი ევროინტეგრაციის გზაზე, ვიდრე თითოეულ ჩვენგანს, რომლებიც აქ ვსხედვართ აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში. დღენიადაგ ნუ ცდილობთ, რომ შეურაცხყოფა მიაყენოთ საჯარო სექტორს და, მათ შორის, იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ, რომ მშვიდად, მაქსიმალურად ნაკლები დანაკარგებით გაიყვანოს საქართველო ფონს ამ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში.

მართლა არ მესმის, რას ცდილობთ და სახლში მარტო რომ რჩებით თქვენს თავთან, გწამთ, ის რასაც ამბობთ? ძალიან ცუდია და ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ მოგვიწოდებდეთ დღენიადაგ, რომ რაღაცაში ჩავერთოთ, ისიც კარგად უნდა იცოდეთ, რომ ახალი მინისტრის პოსტის შექმნა პრობლემას არ გადაჭრის. თითოეული სამინისტროს, უწყების, მათ შორის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ფარგლებში ყოველდღიური საქმიანობაა ევროინტეგრაცია და ღიანი ვართ. ჩაერთეთ ამ პროცესში!”, – განაცხადა მაია ბითაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები