გიორგი ხოჯევანიშვილი: დავანახოთ მსოფლიოს, რომ ერთიანები ვართ ევროკავშირში და ამ შემთხვევაში, გვექნება დასავლეთის მხარდაჭერა – არ უნდა დავკარგოთ ის შესაძლებლობები, რომელიც ჩვენს ქვეყანას უჩნდება
„თუ ჩვენ ქვეყნის შიგნით არ გამოვნახეთ ძალა, თუ არ ვაჩვენებთ ერთიანობა და არ ვაჩვენეთ, რომ სრული კონსენსუსი, მაშინ ევროკავშირის მხრიდან არ უნდა ველოდოთ დადებით გადაწყვეტილებას და წევრობის განაცხადის გაკეთება არ ნიშნავს უკვე გამარჯვებას”,- ამის შესახებ დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
გიორგი ხოჯევანიშვილმა რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული აგრესიის შესახებ ისაუბრა და ამ კონტექსტში, კონსოლიდაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „უკრაინელმა ხალხმა შეძლო სრული კონსოლიდაცია ქვეყნის შიგნით და დარწმუნებული ვარ, რომ ამ უთანასწორო და უსამართლო ომში გამარჯვება უკრაინას დარჩება. ეს არ იქნება უკრაინის გამარჯვება, ეს არის მსოფლიოს, ცივილიზებული მსოფლიოს, დასავლეთის და მათ შორის, ჩვენი გამარჯვებაც. აქ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია – როდესაც უკრაინამ ქვეყნის შიგნით შეძლო კონსოლიდაცია, ეს გახდა საფუძველი დანარჩენი მსოფლიოს მხრიდან სოლიდარობის და სრული მხარდაჭერის. სამწუხაროა, რომ დღეს საქართველო ვერ არის იმ მოწოდების სიმაღლეზე, რომ ის შესაძლებლობის ფანჯარა, რომელიც დღეს გაჩნდა – მსოფლიოს ერთიანობით, ცივილიზებული სამყაროს გაერთიანებით ბოროტების წინააღმდეგ რომ გამოიყენოს ჩვენმა ქვეყანამ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ”,- განაცხადა დეპუტატმა.
მისივე შეფასებით, მაშინ, როდესაც მმართველ გუნდს რეგიონში არსებულ გამოწვევებთან საბრძოლველად კონკრეტული გეგმა არ შემოუთავაზებია, რუსეთი იმპერიალისტური გეგმების განხორციელებას აგრძელებს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს წინააღმდეგაც. „როდესაც ვერ ვხედავთ მმართველი გუნდის მხრიდან შემოთავაზებულ რაიმე კონკრეტულ გეგმას იმ გამოწვევების წინააღმდეგ საბრძოლველად, რომელიც ჩვენს რეგიონშია, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომარეობს, ამის პარალელურად, რუსეთი კვლავ აგრძელებს იმპერიალისტური გეგმების განხორციელებას არა მარტო უკრაინასთან მიმართებაში, არამედ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაშიც და გეტყვით ერთ მნიშვნელოვან ფაქტს – მოგეხსენებათ, პუტინმა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა შესთავაზა რუსეთის დუმას, კონკრეტულად კი, სამაჩაბლოს ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, ავტომატურად მიიღონ ორმაგი მოქალაქეობა.
ალბათ, ხვდებით, რა მასშტაბის ბოროტებასთან და რა მასშტაბის გეგმებთან აქვს შეხება ამ გადაწყვეტილებას და ამ ყველაფრის საპირწონედ, საქართველოს რა ნაბიჯი შეიძლება, ჰქონდეს, რა დონეზე უნდა იყოს მომზადებული ქართველი ხალხი იმ პროვოკაციების წინააღმდეგ, რომელიც შეიძლება, მომავალში დაიგეგმოს, არავინ საუბრობს და ეს გულდასაწყვეტია. თუ ჩვენ ქვეყნის შიგნით არ გამოვნახეთ ძალა, თუ არ ვაჩვენებთ ერთიანობას და სრულ კონსენსუსს, მაშინ ევროკავშირის მხრიდან არ უნდა ველოდოთ დადებით გადაწყვეტილებას და წევრობის განაცხადის გაკეთება არ ნიშნავს უკვე გამარჯვებას. ჩვენ ბევრი სწორი რეფორმა – მართლმსაჯულების რეფორმა, ქვეყნის ინსტიტუციების გამართული მუშაობის რეფორმა უნდა დავიწყოთ და მივიყვანოთ ის წამოწყებული საქმე ბოლომდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ და ეს იქნება ქართველი ხალხის კიდევ ერთხელ მარცხი და ამ ყველაფრისთვის ჩვენ უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები.
ამისთვის უნდა გამოვნახოთ ძალა, რომ გავერთიანდეთ და ერთხელ მაინც შევძლოთ ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ გაერთიანება. დავანახოთ მსოფლიოს, რომ ერთიანები ვართ ევროკავშირში შესასვლელად, ამ მიზნების მისაღწევად და ამ შემთხვევაში, ჩვენ გვექნება დასავლეთის მხარდაჭერა. არ უნდა დავკარგოთ ის შესაძლებლობები, რომელიც ჩვენს ქვეყანას უჩნდება”,- განაცხადა პარლამენტის წევრმა.